წმ. ბასილი კესარიელი, საეკლესიო მოღვაწე, თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მეგობარი. დაახლოებით 30 წლისამ მიიღო ქრისტიანობა და იმოგზაურა ცნობილი განდეგილების მოსანახულებლად სირიაში, პალესტინასა და ეგვიპტეში. პონტოში დაბრუნებულმა დააარსა მონასტერი, გახდა კესარიის ეპისკოპოსი, ამასთანავე – კაპადოკიის მიტროპოლიტი და პონტოს ეგზარქოსი. ქადაგებდა ასკეტიზმს, მხარს უჭერდა მონაზვნობას. ცდილობდა შეერიგებინა აღმოსავლეთის ეპისკოპოსები დასავლეთ ეკლესიასთან. ბასილი დიდი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოღვაწედ ითვლება ძველ ქართულ მწერლობაში. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია „ევქუსთა დღეთაჲ“, რომელშიც განმარტებულია ბიბლიური კოსმოგონია. მისი თხზულებანი ქართულად უთარგმნიათ ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლებს, ეფრემ მცირესა და სხვებს. არსებობს მოსაზრება, რომ იგი კაპადოკელი ქართველი უნდა ყოფილიყო (მისი ძმაა გრიგოლ ნოსელი). ბასილი დიდის ცხოვრება აღწერეს გრიგოლ ნაზიანელმა და ამფილოქე იკონიელმა.