სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ზარზმის მონასტრის წინამძღვარი; მან ბიძის, IX ს. ცნობილი საეკლესიო მოღვაწის – წმ. სერაპიონ ზარზმელის, ცხოვრებას მიუძღვნა ვრცელი აგიოგრაფიული თხზულება „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ღმერთ-შემოსილისა და ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი“. ტექსტი ცნობილია XI ს. მეტაფრასული რედაქციით, რომლის ერთადერთი ხელნაწერი XVI ს. განეკუთვნება. მასში, წმ. სერაპიონის საქმიანობის გარდა, გადმოცემულია იმდროინდელი საქართველოს სოციალური ყოფის ამსახველი სურათები, სამხრეთ საქართველოს მონასტერთა (ზარზმა, ოპიზა, პარეხი, დიდი ზანავი და სხვ.) მშენებლობა-აღორძინების ამბები. არსებობს მოსაზრება, რომ წმ. სერაპიონ ზარზმელი და მისი ცხოვრების აღმწერი ბასილი არიან არა IX – X, არამედ VI – VII საუკუნეების მოღვაწეები. წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების" თანახმად, ბასილი ყოფილა შვილი სერაპიონის უფროსი ძმისა, რომელიც სერაპიონისა და იოანეს მონასტერში წასვლის შემდეგ სოფელში დარჩა და ოჯახს მოეკიდა. ბასილი ზარზმაში ბერად მოსულა, როგორც თვითონ ამბობს, სერაპიონის გადაცვალების შემდეგ, მონასტრის მეოთხე წინამძღვრის, პავლეს, დროს. მონასტერში დამკვიდრების შემდეგ ის შესდგომია წმ. სერაპიონის საფლავის გამშვენებას. იმ ხანად სერაპიონის წმ. ნაწილები დასვენებული იყო ზარზმის ძველ ეკელსიაში, რომელიც ჯერ კიდევ სერაპიონის დროს ააგეს. ბასილმა შეამზადა ახალი ქვის ლარნაკი, რომელშიც გალობითა და ლიტანიით გადაასვენეს სერაპიონის წმინდა ნაწილები და დაასვენეს ახალ ეკლესიაში, რომლის მშენებლობა მიქაელის წინამძღვრობის დროს დაიწყო და პავლეს წინამძღვრობისას დასრულდა. ლარნაკზე ბასილმა აღმართა ჯვარი და, მონასტრის კრებულის გადაწყვეტილებით, განაწესა წმ. სერაპიონის ყოველწლიური ხსენებისთვის 29 ოქტომბერი.