ბასილი I მაკედონელი, ბიზანტიის იმპერატორი 867 – 886 წწ., წარმოშობით უბარალო გლეხის შვილი; მოახერხა იმპერატორ მიხეილ III-ის კეთილგანწყობის მოპოვება და მის თანამმართველად დაინიშნა. ამის შემდეგ მოაკვლევინა მიხეილ III და გახდა იმპერიის ერთპიროვნული მმართველი; საფუძველი დაუდო მაკედონელთა დინასტიას ბიზანტიის იმპერიის ტახტზე. ბიზანტიაში ბასილი მაკედონელის მეფობის დროს გარდაიცვალა წმ. ილარიონ ქართველი. მეფემ შესთავაზა მის მოწაფეებს სამოღვაწეო მონასტრის არჩევა, მაგრამ მათ უარი თქვეს და უდაბნოში ახალი მონასტრის აშენება ითხოვეს. მეფე სიხარულით დასთანხმდა. თავადვე მონაწილეობდა მონასტრის აგებაში. მშენებლობა 7 თვეში დასრულდა. ეკლესიის კურთხევას ესწრებოდნენ თავად მეფე და პატრიარქი ეგნატე კონსტანტინეპოლელი. ბასილიმ მონასტერს დიდი მატერიალური დახმარება აღმოუჩინა, თავისთვისაც გაიმზადა მცირე სენაკი, ხოლო მონასტერს უწოდა რომანას ქართველთა მონასტერი. გარდა ამისა, წმ. ილარიონის მოწაფეებს მოჰგვარა თავისი ვაჟიშვილები, ლეონ და ალექსანდრე, და სთხოვა, ესწავლებინათ მათთვის ქართული ენა და მწიგნობრობა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]