ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბიბ ბიზ ბიძ

ბიბლია

ბერძნ. „წიგნები"

საღმრთო (საღვთო) წერილი, იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების წიგნთა კრებული; შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან. ქრისტიანობა ცნობს ბიბლიის ორივე ნაწილს, იუდაიზმი კი – მხოლოდ ძველ აღთქმას. ძველი აღთქმის (39 წიგნი) დიდი ნაწილი დაწერილია ძველ ებრაულ ენაზე. მხოლოდ ზოგიერთ, შედარებით გვიანდელ წიგნში (ეზრასი და დანიელისა), გვხვდება მცირე ჩანართი არამეულ ენაზე. ძველ აღთქმას ებრაულად ერთიანი სათაური არა აქვს. იგი სამ ნაწილად იყოფა. პირველს ეწოდება კანონი (ებრ. თორა), რომლის შემდგენლად მოსე მიაჩნიათ და შედგება ხუთი წიგნისაგან (დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა და მეორე სჯული); მეორე ნაწილია წინასწარმეტყველნი (ისუ ნავესი, მსაჯულთა, სამოელის პირველი და მეორე წიგნი (ქართულად მეფეთა პირველი და მეორე), მეფეთა პირველი და მეორე (ქართულად მეფეთა მესამე და მეოთხე) წიგნი, ესაიასი, იერემიასი, ეზეკიელისა და 12 მცირე წინასწარმეტყველისა: ოსიასი, იოელისა, ამოსისა, ობადიასი, იონასი, მიქეასი, ნაუმისა, ამბაკუმისა, სოფონიასი, ანგეასი, ზაქარიასი და მალაქიასი); მესამე ნაწილში, რომელსაც ებრაულად დაწერილები ეწოდება, შედის ფსალმუნნი, სოლომონის იგავები, იობის წიგნი, ქებათა ქება, იერემიას გოდება, ეკლესიასტე და წიგნები ესთერისა, დანიელისა, ეზრასი, ნეემიასი და ნეშტთა (პირველი და მეორე).

ქრისტიანებმა 27 წიგნი დაუმატეს ბიბლიას, რომელსაც ახალი აღთქმა ჰქვია. იგი ბერძნულად დაიწერა, გარდა მათეს სახარებისა (მათე მახარებელმა დაწერა არამეულად, შემდეგ კი თვითონვე თარგმნა ბერძნულად). გარდა სახარებებისა, ახალ აღთქმაში შედის: წმინდა მოციქულთა საქმეები; წმინდა მოციქულ პავლეს 14 ეპისტოლე; 7 ეპისტოლე სხვა მოციქულთაგან და აპოკალიფსი, ანუ გამოცხადება წმ. მოციქულისა იოანესი.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9