ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბიბ ბიზ ბიძ

ბიზანტია

სახელმწიფო რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში, შეიქნა IV ს. რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ და იარსება 1453 წ.-მდე, ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინეპოლი დააარსა კონსტანტინე დიდმა 324 – 330 წწ. პატარა ქალაქ ბიზანტიონის ადგილას. აქედან მოდის სახელმწიფოს სახელწოდებაც, რომელიც ბიზანტიის დაცემის შემდეგ დაამკვიდრეს რენესანსის მოღვაწეებმა. თავად ბიზანტიელები თავიანთ ქვეყანას „რომს“ უწოდებდნენ, თავიანთ თავს კი – "რომაელებს“. ბიზანტიას, ქრისტიანული სარწმუნოების ძირითად კერას, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებისა და ქრისტიანული მწერლობის განვითარების საქმეში. ქართული საეკლესიო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ლიტერატურული წყაროები ბიზანტიას უკავშირებენ. იოანე ეპისკოპოსმა მირიან მეფის თხოვნით საბერძნეთიდან ჩამოიტანა კონსტანტინე მეფისა და ელენე დედოფლის მიერ გამოგზავნილი „ნაწილი ძელისა ცხორებისა და ფიცარნი იგი, რომელთა ზედა ფერჴნი დამსჭუალულ იყვნეს უფლისანი, და სამსჭუალნი ჴელთანი“ და ჩამოიყვანა „მღდელნი და ხურონი ფრიად მრავალნი“. ბიზანტიური საეკლესიო მწერლობა იყო ის ძირითადი წყარო, რომელიც ასაზრდოებდა ქართულ სასულიერო კულტურას მრავალი საუკუნის განმავლობაში.

საქართველოში ბიზანტიას საბერნეთს ეძახდნენ, ბიზანტიელებს – ბერძნებს, იონებსა და პრომებს. იოანე საბანისძე „წმ. აბოს წამებაში“ წერს: „და არს ქალაქები იგი და ადგილები საბრძანებელად ქრისტჱსმსახურისა იონთა მეფისა, რომელი მოსაყდრე არს დიდსა მას ქალაქსა კოსტანტინეპოვლისასა“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9