ბა ბე ბი ბო ბრ ბუ
ბიბ ბიზ ბიძ

„ბიძინას, შალვასა და ელისბარის წამება“

ბესარიონ კათოლიკოსმა (ორბელიშვილი) XVIII ს. პირველ ნახევარში დაწერა აგიოგრაფიული თხზულება „შესხმაჲ წმიდათა მოწამეთა ბიძინასი, შალვა და ელისბარისა და უწყებაჲ წამებისა მათისა“, რომელშიც გადმოცემულია კახეთის 1659 წ. აჯანყების გმირების შეპყრობისა და წამების ამბები: კახელებსა და მთიელებს მხარი ქართლმაც დაუჭირა. აჯანყებულებმა ერთდროულად შეუტიეს ბახტრიონსა და ალავერდს. ბახტრიონის ციხეში შეჭრილებმა სასტიკად დაამარცხეს ყიზილბაში მეციხოვნეები, რომელთაგან ნაწილი დაიღუპა, ხოლო დარჩენილებმა გაქცევა სცადეს ალავერდის მიმართულებით. ალვანის ველზე ისინი შეეჩეხნენ ალავერდის ციხიდან ბიძინა ჩოლოყაშვილის მიერ გამოდევნილ რაზმებს. ქართველებმა ერთიანად ამოჟლიტეს მტერი. ამის შემდეგ მუსრი გაავლეს დანარჩენ თურქმანებსაც; ნაწილი გაანდაგურეს, ნაწილმა კი გაქცევით უშველა თავს. ამ ისტორიული გამარჯვების შედეგად კახეთი გადაურჩა განადგურება-გადაშენებას, შაჰმა უკან დაიხია და ხელი აიღო თავის მზაკვრულ გეგმაზე. სასტიკად დასაჯეს აჯანყების მოთავენი – ზაალ ერისთავი მოაკვლევინეს მისსავე ძმისწულებს, მისი შვილები კი შეიპყრეს და ირანში გაგზავნეს. ირანში გამოძახებული ბიძინა, შალვა და ელიზბარი გადასცეს თურქმანთა ტომებს, რომლებმაც ქართველი გმირები სასტიკი წამებით დახოცეს. არსებობს გადმოცემა, რომ აჯანყებულთა მოკვეთილი თავები კათოლიკე მისიონერებმა მოიპარეს, ხოლო მათი ნაწილები გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს იკორთაში.

არსებობს ძეგლის სვინაქსარული რედაქციაც, რომელიც შემდგომში კიდევ შეუმოკლებიათ. შალვა ქსნის ერისთავის შვილიშვილს, იესე ერისთავს, მათთვის ორი საგალობელი, ნიკოლოზ თბილელსა და ანტონ კათალიკოსს კი იამბიკოები მიუძღვნიათ. საერთო სახალხო აჯანყების გმირების შესახებ მოგვითხრობს „ქართლის ცხოვრებაც“; ირანელი მემატიანე მოჰამედ თაჰერი; ქართული ეთნოგრაფიული მასალები; მხატვრული ლიტერატურის ძეგლები – აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9