ისტორიული სოფელი ქიზიყში; „წმ. ნინოს ცხოვრების“ შატბერდისეული ხელნაწერის მიხედვით, დაბა ბოდი, ანუ ბოდინი, მდებარეობდა „კახეთისა ქუეყანასა“. ბოდბის მონასტრისა და ეპარქიის მთავარი წმ. გიორგის ტაძარი (IX ს.) აგებულია ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს, მიცვალებისა და განსასვენებლის ადგილზე. თავდაპირველი მცირე ეკლესია წმ. ნინოს საფლავზე აიგო წმ. მეფე მირიანის დროს, მოგვიანებით გააფართოვა და გაამშვენა წმ. მეფე ვახტანგ I-მა, გორგასალმა. სამნავიანი ბაზილიკის სახე ბოდბის ტაძარმა მიიღო IX ს. ბოდბის წმ. ნინოს მონასტერი წარმოადგენდა მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, უმდიდრესი წიგნსაცავი. აქვე მოღვაწეობდნენ ცნობილი სასულიერო პირები და მწიგნობრები: ზაქარია ბოდბელი (XVII ს.), ზაქარია ანდრონიკაშვილი (XVIII ს.), იოანე ჯორჯაძე (XVIII ს), იოანე მაყაშვილი (1743 – 1837 წწ.) და სხვ.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]