ბორზო, გაქრისტიანებული სპარსელი, რომელიც მცხეთაში ცხოვრობდა. მოხსენიებულია უძველეს აგიოგრაფიულ თხზულებაში „მარტვილობაჲ ევსტათი მცხეთელისაჲ“. ბორზო წმ. ევსტათისა და გაქრისტიანებულ სპარსელთან ერთად დააპატიმრეს და მცხეთის სპარსელ ციხისთავთან წარადგინეს, მან კი ისინი თბილისში მარზპანთან გაგზავნა. ვერც დაპირებებმა და ვერც სიკვდილით მუქარამ ვერ გაჭრა: ბორზომ ქრისტიანობა არ უარყო (მხოლოდ ორი გაქრისტიანებული სპარსელი დაუბრუნდა მაზდეანობას სიკვდილის შიშით) ისევე, როგორც – წმ. ევსტათიმ და კიდევ ხუთმა პატიმარმა. მარზპანმა ისინი დილეგში ჩაყარა და მათი დასჯა მომავლისათვის გადადო. ამ დროს არვანდ გუშნასპი სპარსეთს გაიწვიეს და წასვლის წინ, ქართლის კათოლიკოსისა და ერისმთავართა თხოვნით, მან პატიმრები გაათავისუფლა. ბორზო ქრისტიანი დარჩა სიკვდილამდე.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]