აბაშისწყალი, მდინარე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ტეხურის მარცხენა შენაკადი. სიტყვა „აბაშა“ არაბულიდან მომდინარეობს: არაბებს მდინარის გადალახვა სურდათ, მაგრამ ის ადიდებულა და ერთმანეთს უყვიროდნენ „აბა-შა“, ე. ი. უკან დავიხიოთო. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, VIII ს. მურვან ყრუს ლაშქარში მყოფი 23 000 ეთიოპიური წარმოშობის აბისინიელი ქვეითი ერთმა ადიდებულმა მდინარემ დაახრჩო, ხოლო მეორე მდინარემ კი წაიღო 35 000 ცხენი. ამის გამო ერთ მდინარეს აბაშა, მეორეს კი ცხენისწყალი ეწოდა. მდ. აბაშა ნახსენებია ბესარიონ ორბელიშვილის თხზულებაში „შესხმაჲ წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, მეფისა მის ქართველთასა, რომელი იყო ნათესავი და ტომი ხუასროვანთა სპარსთა მეფისა და იწამა ქართლს შინა ჭიჭუმ მძლავრისა მიერ, რომელსა ეწოდა ასიმ“: „ეწოდა მდინარესა მას აბაშა“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]