| | |
აგიოგრაფია, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, სწავლობს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილთა ცხოვრებას. იგი კანონიზირებულთა ღვაწლის ასახვაა საღვთისმეტყველო და ისტორიული-საეკლესიო ასპექტებით. აგიოგრაფიაში ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, არის ისტორიული პირი ან გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც რწმენისთვის გმირობის მაგალითს გვიჩვენებენ. აგიოგრაფია მთლიანად ეფუძნება საღვთო წერილს – ბიბლიას, განსაკუთრებით სახარებასა და სამოციქულოს. ოთხთავი მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებას აგვიწერს, აგიოგრაფია კი წმინდანის ღვაწლს ასახავს, იმ წმინდანისას, რომელიც საკუთარი ცხოვრებით იმეორებს ქრისტეს გზას, ცდილობს ემსგავსოს მას, მიჰყვეს ქრისტიანის ცხოვრების იმ ნიმუშს, რომელიც სოფლის შემოქმედმა გვიჩვენა. ყოველი წმინდანი იმეორებს ჯვარცმული მაცხოვრის ცხოვრებას (ზოგი სისხლით დაამოწმებს, ზოგიც – უსისხლოდ, თუმცა ეს უკანასკნელი არანაკლებ მარტვილობად შეირაცხება). "საქმე მოციქულთა" კი ასახავს მთავარმოციქულების ღვაწლს და ესეც ნიმუშად და მაგალითად შეიძლება აითვისოს აგიოგრაფიამ. მთელი მისი შინაარსობრივი მხარე სახარებისა და სამოციქულოს პირდაპირი გავლენაა. აქ ვიპოვით არა თუ ლექსიკურ-ფრაზეოლოგიურ დამთხვევებს, არამედ აღმოვაჩენთ, რომ აგიოგრაფიული მწერლობის ზოგადი სააზროვნო მოდელი ახალი აღთქმისეულია. აგიოგრაფიის, როგორც საეკლესიო მწერლობის დარგის, არსებობა განსაზღვრავს მის უმთავრეს დანიშნულებას – რელიგიურ-მისტიკურს. სხვა ასპექტები, ისტორიული, მხატვრულ-ესთეტიკური თუ სოციალური, მისთვის მეორეხარისხოვანია.
აგიოგრაფია ეფუძნება ლიტურგიულ-ეორტალოგიურ პრინციპს (ლიტურგია ბერძნ. - საერო მსახურება, საღვთო წირვა; ეორტალოგია, ანუ დღესასწაულთმცოდნეობა, დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც შეისწავლის საეკლესიო ქრისტიანულ დღესასწაულებს). აგიოგრაფი ღვთის ნების აღმასრულებელია და სულიწმიდის შთაგონებით ქმნის. აგიოგრაფიაში კანონიკური, ნორმატიული ემთხვევა სასურველს. აგიოგრაფიული ქმნილება სულიერ არსს გადმოგვცემს, აგიოგრაფი კი სულის სამყაროს სწვდება და მასზე საუბრობს სულის ენით, ე.ი. სულის შესახებ მოგვითხრობს სიტყვით. ამიტომაა ის სიტყვა სულიერობით აღსავსე, გასულიერებული. ამ გზით შემოაქვს ჩვენს ცნობიერებაში აგიოგრაფიას ლოგოსური სიტყვა. აგიოგრაფიული ლიტერატურა მონოთემატიკურია, მისი ერთადერთი თემა სიყვარული, საღვთო მიჯნურობა, ანუ საზეო სიყვარულია, ხოლო იდეა - თეოზისი, განღმრთობა.
შუა საუკუნეების ლიტერატურის უპირველესი ღირებულება ისაა, რომ ის `ჭეშმარიტი და უტყუელია". აგიოგრაფია (ქრონიკები, საერთოდ, შუა საუკუნეების ეპოსი) მოგვითხრობს მხოლოდ ჭეშმარიტ ფაქტებზე (შდრ. „წმ. აბოს წამების“ შესავალი) და, ამდენად, იგი მიიღება, როგორც სინამდვილე და არა – მხატვრული გამონაგონი, მითი თუ ლეგენდა. აგიოგრაფიული ნაწარმოები ისე განსხვავდება არააგიოგრაფიულისაგან, როგორც ხატი – პორტრეტისაგან, საგალობელი – სიმღერისაგან და ხუროთმოძღვრება – არქიტექტურისაგან.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |