| | |
აგიოგრაფიაში უმთავრესია ეიკონური (ხატისებრი) განსახოვნება, რომელიც ამაღლებულის ესთეტიკას ეფუძნება. როცა ვსაუბრობთ აგიოგრაფიის იკონოგრაფიულ სახისმეტყველებაზე, მის ეიკონურ განსახოვნებაზე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ხატისა და აგიოგრაფიული ტექსტის მსგავსებათა შესახებ:
ა) გავრცელებულია მონოსტრუქტურის ხატები, რომლებზეც მხოლოდ ერთი წმინდანია გამოსახული (მხოლოდ იესო ქრისტე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ან რომელიმე წმინდანი), ასევე გვაქვს ისეთი აგიოგრაფიული ნაწარმოებები, რომლებიც მხოლოდ ერთი წმინდანის ღვაწლის შესახებ მოგვითხრობენ („წმ. შუშანიკის წამება“, „წმ. აბოს წამება“ და მისთან.).
ბ) ცნობილია ორკარედები, ანუ ე.წ. დიპტიქონები, მაგ.: იესო ქრისტე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი; აგიოგრაფიაში ხშირია სათაურშივე ორი წმინდანის გამოტანა, მაგ.: „ცხოვრება წმ. იოანესა და ეფთვიმესი“, „მარტვილობაჲ დავითისი და ტირიჭანისი“ და მისთან.
გ) გავრცელებულია სამკარედები, ანუ ტრიპტიქონები. მაგ.: ცნობილი ხახულის სამკარედი ან მღვიმევის (მე-13 საუკუნის) სამკარედი, ე.წ. დეისუსი, რომელიც გულისხმობს მაცხოვრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოსახულებებს. სამკარედული, ტრიპტიქული სტრუქტურაა წარმოდგენილი „წმ. აბოს წამებაში“. I თავში (I კარედში – ამ გააზრებით) ჰომილიაა (ქადაგება), II-III თავებში – აგიოგრააფიული თხრობა, IV თავში – ქება).
დ) ცნობილია ცენტრალურ-ციკლური სტრუქტურის ხატები, როცა შუაში წმინდანია გამოსახული, ხოლო ირგვლივ მედალიონების მსგავსად ცალკეული ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან, მაგ.: წმ. გიორგის, წმ. ნიკოლოზის ამ ტიპის ხატები. ამის მსგავსია "წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ – თხზულების ცენტრში წმ. გრიგოლია, ხოლო მის ირგვლივ – სხვადასხვა ეპიზოდი არაქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
ე) ცნობილია ისეთი ხატები, რომლებიც მთელ ისტორიას გადმოგვცემენ, ვრცელ ამბავს გვიყვებიან წმინდანების ცხოვრებიდან. ხატების ასეთი ტიპი განსაკუთრებით გავრცელებულია რუსეთში, ჩვენში ხატი – საქართველოს ეკლესიის დიდება. შესაბამისად გვაქვს ისეთი აგიოგრაფიული თხზულებები, რომლებშიც ერთდროულად რამდენიმე წმინდანზეა საუბარი, მაგ. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ აგიოგრაფიული ნაწილი.
არააგიოგრაფიული ნაწარმოები მიისწრაფვის იმისკენ, რომ გადმოგვცეს ადამიანის შინაგანი სამყარო. აგიოგრაფიული ქმნილება კი, ისე როგორც ხატი (განსხვავებით პორტრეტისაგან). სულიერ არსს გადმოგვცემს.
ხატზეც და აგიოგრაფიაშიც ხაზგასმულია სულიერი ცხოვრება, "სულის დინამიკა”. ხატზე ყოველ დეტალს, ჟესტსა და სხეულის მიმოხვრას თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მაგალითად: მაღალი შუბლი – სიბრძნე და ღრმა აზროვნება; დიდი თვალები – ღვთაებრივ საიდუმლოთა წვდომა; თხელი ტუჩები – ასკეტიზმი; გრძელი თითები – სულიერი კეთილშობილება და საქმეთა უბიწოება; თავდახრილი დგომა – ღვთის სიტყვისადმი ყურადღება; მოდრეკილი ფიგურა – ღვთის ნებისადმი მორჩილება. აგიოგრაფიის გმირი წარმოუდგენელია ამ თვისებათა გარეშე. ხატი თვალნათლივ გვიჩვენებს სულიერი ფერისცვალების პროცესს, სურათი კი – ინდივიდუალობის გამომხატველია. პორტრეტი იხედება წარსულიდან თანამედროვეობისაკენ, ხატი კი – მომავლიდან თანამედროვეობისაკენ. მართლმადიდებლური ხატი ხელს გვიწყობს, გარდავქმნათ ჩვენი ყოფიერება, განვიწმინდოთ, გავხდეთ სულიერ ფასეულობათა ერთგულნი. ხატი არის საიდუმლო, რომელიც შეიცნობა ლოცვასა და სულიერ ჭვრეტაში, ასეთსავე მოთხოვნას გვიყენებს ჩვენ აგიოგრაფიული მწერლობაც. ხატი არის ხელოვნების განსაკუთრებული დარგი, მისი განუმეორებელი იდიომა, რომელიც იქმნება მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის ლოცვითი, მისტიკური გამოცდილების საფუძველზე. აგიოგრაფიული მწერლობა ღია დიალოგია მკითხველთან, რომელსაც აზიარებს ღვთაებრივ ნათელს. როგორც ხატწერა არის განსაკუთრებულ ნიშანთა სისტემა, ასევე აგიოგრაფიაც არის ეკლესიის ,,ენა”. ხატის მხატვარი სულის სამყაროს უნდა ჩასწვდეს და მასზე სულის ენით ილაპარაკოს. აგიოგრაფიაც სულის შესახებ მოგვითხრობს. როგორც ხატი არ არის სულიერი სამყაროს პორტრეტული ასახვა, ასევე აგიოგრაფიაც არ წარმოადგენს წმინდანის სულიერი ცხოვრების ფოტოგრაფირებას. აგიოგრაფია წმინდანის ყოფაა სიმბოლურსა და, ამავე დროს, რეალურ გამოსახულებაში და კიდევ ერთი, აგიოგრაფიული მწერლობა არ არის განწყობის ფიქსაცია, განწყობის ასახვა. იგი, ისევე როგორც ხატი, პიროვნების, წმინდანის მდგომარეობას გადმოსცემს და, აქედან გამომდინარე, აგიოგრაფიულმა მწერლობამ მკითხველს განწყობა კი არ უნდა შეუქმნას, არამედ ლოცვითს მდგომარეობაში უნდა მოიყვანოს იგი.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |