გა გე გვ გი გო გრ გუ გჳ
გიო

გიორგი V ბრწყინვალე (XIV ს.)

საქართველოს მეფე 1318 – 1346 წწ., დემეტრე II თავდადებულის ძე, 1299 წ. მეფედ აკურთხეს, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. 1318 წლიდან, ახალი ყაენის აბუ საიდის ტახტზე ასვლის შემდეგ, რეალური ძალაუფლებით გამეფდა. მას სამემკვიდრეოდ პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო. ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით ცივის მთაზე სანადიმოდ მიიწვია და ამოხოცა კახეთ-ჰერეთისა და სომხითის ურჩი ერისთავები (1327 – 1329 წწ.) და ეს რეგიონები სამეფო ტახტს შემოუმტკიცა. განდევნა შიდა ქართლში (გორში) ჩამოსახლებული ოსები და აღადგინა შემცირებული ქართული მიწისმფლობელობა. 1329 წ. შემოიერთა ერთიანი სამეფოსაგან გამდგარი დასავლეთ საქართველო. 1334 წ., როცა სამცხის მთავარი სარგის II ჯაყელი (მეფის ბიძა) გარდაიცვალა, მთავრად დანიშნა სარგისის შვილი ყვარყვარე, უბოძა ათაბაგობა და ერთგულების ფიცი ჩამოართვა. XIV ს. 30-იან წლებში მთიელთა საქმეებიც მოაწესრიგა და ქართლის მთიანეთის მოსახლეობისათვის შეადგინა სამართლის წიგნი „ძეგლის დადება მეფეთმეფის გიორგის მიერ“. მისი ხელმძღვანელობით სახელმწიფო მართვა გამგეობის დარღვეული წესების აღსადგენად შეიქმნა საკანონმდებლო ძეგლი „გარიგება ხელმწიფის კარისა“. გიორგი ბრწყინვალემ აღკვეთა მტრის თარეში, მოსპო „მრავალმეფიანობა“, აღადგინა საქართველოს მთლიანობა. 1335 წ. მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა და მათი დამსჯელი რაზმიც ადვილად უკუაგდო. სამეფოს გაძლიერებისა და ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურებისათვის შთამომავლობამ „ბრწყინვალე“ უწოდა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9