გიორგი მაწყვერელი // შუარტყლელი, საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, აწყურის ეპისკოპოსი. მის შესახებ ცნობები შემოგვინახა გიორგი მერჩულისა და ბასილი ზარზმელის ნაწარმოებებმა. გიოგი მერჩულე „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ჩამოთვლის ცნობილ საეკლესიო მწერალთა სახელებს, რომელთაგანაც თანამედროვენი მოელოდნენ წმ. გრიგოლის ცხოვრების აღწერას და მათ შორის ასახელებს ღირს გიორგი მაწყვერელს. ბასილი ზარზმელის თქმით, გიორგი მაწყვერელი, სამცხის საეკლესიო ცხოვრების მეთაური, „აღმოსცენდა ჴევისაგან შუარტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღმრთისმოშიშთა; ხოლო აღიზარდა იგი განთქმულსა მას უდაბნოსა ოპიზას“. სამწუხაროდ, მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]