გიორგი მერჩულე, მწერალი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი, აგიოგრაფი, 951 წ. დაწერა „შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდისა აღმაშენებელისაჲ, და მის თანა ხსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ“, რომლისთვისაც გამოიყენა წმ. გრიგოლის მოწაფეთა ნაამბობი და სხვადასხვა ისტორიულ-ლიტერატურული წყარო (კირილე ალექსანდრიელის, იპოლიტე რომაელის, კირილე სკვითოპოლელისა და სხვ. თხზულებანი). მისი შრომა განავრცო ბაგრატ ერისთავთ-ერისთავმა 958-966 წწ. ნაწარმოები ასახავს VIII – IX სს. გაჩაღებულ სამონასტრო მშენებლობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, წმ. გრიგოლისა და მის მოდასეთა თავგადასავალს. ჩვენამდე მოღწეულია „წმინდა გროგოლ ხანძთელის ცხოვრების“ XII ს. დათარიღებული ერთადერთი ხელნაწერი. გიორგის ზედსახელი მერჩულე // მერჯულე აღნიშნავდა ღვთისმეტყველს, ქრისტიანული მოძღვრებისა და საეკლესიო სამართლის განსწავლულ მცოდნეს. მიქელ მოდრეკილის კრებულში მოთავსებულია მეხუთე ხმის აღდგომის კანონი, რომელსაც აწერია: „უცხონი მერჩულიულნი“. ვარაუდობენ, რომ „მერჩულიულნი“ გიორგის ავტორობას აღნიშნავს ან, შესაძლებელია, ამ ტერმინით „მერჩულისებური“ ფორმა იგულისხმებოდეს.