გიორგი ათონელი // გიორგი ხუცესმონაზონი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი; დაიბადა თრიალეთში, ადგილობრივი დიდებულის ოჯახში. სწავლობდა ტაძრისის, შემდეგ კი – ხახულის მონასტერში, სადაც მოღვაწეობდნენ მისი ბიძები, გიორგი მწერალი და საბა. ერთხანს ცხოვრობდა გიორგი მწერალთან ერთად ტაოელი დიდებულის, ფერის ჯოჯიკის ძის, ოჯახში, ტვარწატაფში; ეხმარებოდა ბიძას ქრისტიანული სამღვდელმსახურო წესების აღსრულებაში. ბიძამ კონსტანტინოპოლს წაიყვანა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა და ეზიარა ბიზანტიურ კულტურას. 1034 წ. გიორგი მთაწმიდელი სამშობლოში დაბრუნდა და 25 წლისა ხახულის მონასტერში ილარიონ თუალელის მიერ ბერად აღიკვეცა. 1036 წ. სირიაში, შავ მთაზე გიორგი შეყენებულს დაემოწაფა. 1039 წ. იერუსალიმი მოილოცა, შემდეგ დაბრუნდა შავ მთაზე თავის მოძღვართან და, მისივე რჩევით,1040 წ. ათონს გაემგზავრა. გიორგი მღვდლად აკურთხეს 1042 წ., შემდეგ დეკანოზის ხარისხში აიყვანეს; 1044 წ. ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. მის იშვიათ შემოქმედებითსა და ორგანიზატორულ ნიჭს სათანადო ასპარეზი მიეცა. მან მონასტერი ქართული სულიერი კულტურის მძლავრ კერად აქცია. ბაგრატ IV-მ არაერთგზის შესთავაზა საქართველოს მღვდელმთავრობა. მისივე თხოვნით, წმ. გიორგი მთაწმიდელმა ხუთი წელი დაყო საქართველოში და საეკლესიო საქმეები მოაგვარა: უარყო წოდებრივი უპირატესობა საეკლესიო საქმეებში და ადამიანის პირადი ღირსება წამოსწია წინ. უკან დაბრუნებულმა ათონის მთაზე ქართველ ბერთა და მოწესეთა რიცხვის გასამრავლებლად 80 უპატრონო ბავშვი წაიყვანა მონასტერში აღსაზრდელად. მათ გაიარეს კონსტანტინოპოლში, სადაც დიდი პატივით მიიღო იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ. მოულოდნელად წმ. გიორგიმ თავისი ობლების თვალწინ სული ღმერთს მიაბარა. მისი ცხედარი კონსტანტინოპოლიდან გადაასვენეს ათონზე წმ. ექვთიმეს სარკოფაგის ახლოს. გიორგი მთაწმიდელი იცავდა ქართულ ეკლესიასა და კულტურას. ანტიოქიის პატრიარქთან გამართულ დებატებში 1057 წ. მან დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ნაყოფიერად იღვწოდა ქართული საეკლესიო ლიტერატურის გამდიდრებისათვის. ცნობილია ბიბლიის ახალი, ე. წ. „გიორგისეული რედაქცია“. მან ხელახლა თარგმნა სახარება-ოთხთავი, სამოციქულო, დავითნი; სხვა წიგნები კი გაჩალხა და ბერძნულ დედანს შეაჯერა; მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია ქართულ აგიოგრაფიასა და აპოკრიფულ მწერლობას, ეგზეგეტიკას, ჰიმნოგრაფიასა და საეკლესიო სამართალს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წმ. გიორგი მთაწმინდლის აგიოგრაფიულ თხზულებას „ცხორება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ“, რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მხატვრული მატიანეა. ნაყოფიერად იღვაწა ლიტურგიკის სფეროშიც და ქართულ მწერლობას შესძინა როგორც თარგმნილი, ისე – ორიგინალური თხზულებანი („დიდი სჳნაქსარი“, „სახარებაჲ გამოკრებული საწელიწდო“, „პავლე გამოკრებული საწელიწდო“, „თთუენი ათორმეტნივე“ და სხვ.). გიორგი მთაწმიდელმა ბერძნულიდან თარგმნა ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის, ათანასე ალექსანდრიელის, იოანე დამასკელის, ნექტარი კონსტანტინოპოლელის, დოროთეოს ტვირელისა და სხვათა თხზულებანი. მისი ბიოგრაფის თქმით, „ესევითარი თარგმანი, თჳნიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა“.