ხახულის მონასტრის მონაზონი. წმ. გიორგი მთაწმიდელის ბიძა (მამის ძმა). მონაზვნად შედგომამდე იყო ბაგრატ კურაპალატის კარის მწერალთა მთავარი. ერთხანს მონაწილეობდა წმ. გიორგი მთაწმიდელის აღზრდის საქმეში. სულიერ მოძღვრად მიიწვიეს სამცხის დიდებულის, ფერის ჯოჯიკის ძის, კარზე, სადაც პატარა გიორგიც წაიყვანა. ფერის ჯოჯიკის ძის სიკვდილით დასჯის შემდეგ მისი მეუღლე თავისი ამალით, რომელშიც გიორგი მწერალი და პატარა გიორგიც შედიოდნენ, კონსტანტინოპოლს წაიყვანეს. ბიძა-ძმისწულმა იქ 12 წელი დაყო. აქ გიორგი თავისი ძმისშვილის სწავლა-განათლებაზე ზრუნავდა როდესაც ფერის ჯოჯიკის ძის მეუღლე სამცხეში დაბრუნდა, თან წამოიყვანა ორივე გიორგი და ტვარწატაფში დაემკვიდრა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]