| | |
წმინდანთა ცხოვრება იწერება გარკვეული ლიტერატურული ნორმებისა და კანონების მიხედვით, რომლებიც იცვლება დროისა და სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების მიხედვით. ნებისმიერი ინტერპრეტაცია აგიოგრაფიისა მოითხოვს წინასწარ გადაიხედოს ის, რაც განეკუთვნება ე. წ. ლიტერატურული ეტიკეტის სფეროს - ეს კი გულისხმობს წმინდანთა ცხოვრებათა ჟანრების, ტიპობრივი სქემების აღნაგობის, სტრუქტურის, სტანდარტული მოტივებისა და გამოსახვის ხერხების შესწავლას, მაგალითად: ისეთ აგიოგრაფიულ ჟანრს, როგორიც წმინდანთა „ცხოვრებაა”, რომელიც თავის თავში მოიცავს როგორც ცხოვრებათა ტიპს, ისე – ქადაგებათა ხასიათს, ახასიათებს საკმაოდ მკვეთრი კომპოზიციური სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი და ეპილოგი. თემატური სქემა ძირითადი ნაწილისა, ზოგადად, ასეთია:
• წმინდანის წარმოშობა (მშობლები, კეთილმორწმუნე ოჯახი);
• დაბადება (დედის მუცლიდანვე ღვთივგამორჩეულობა);
• აღზრდა;
• საქმიანობა და სასწაულთქმედების ნიჭი;
• გარდაცვალება (მართალი აღსასრული);
• მისი ღვაწლის შედარება სხვა ღვთისმოსავებთან.
როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია ცნობილი, ასეთი ხასიათი აგიოგრაფიული მწერლობისა მომდინარეობს გვიანდელი ხანის ანტიკური ენკომიებიდან, რომელთა სხვადასხვაგვარი რეალიზაცია აგიოგრაფიის განვითარების პროცესში იძლევა ხელშესახებ მასალას როგორც ისტორიულ-ლიტერატურული, ისე ისტორიულ-კულტურული დასკვნების გამოტანისათვის.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |