გიორგი მცირე, ათონის ივერთა მონასტრის მოღვაწე, მწიგნობარი, მწერალი, სიყრმიდანვე გიორგი მთაწმიდელის მოწაფე და სულიერი შვილი; 1065 წ., გიორგი ათონელის გარდაცვალების შემდეგ, შავი მთის ქართველმა მოღვაწემ გიორგი დაყუდებულმა ორგზის მიმართა თხოვნით, რათა აღეწერა წმ. გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება. ამასვე ითხოვდა მისგან იოანე ჭყონდიდელი, რომელიც, ბაგრატ მეფის დავალებით იყო ჩასული კონსტანტინოპოლში. გიორგი მცირის თხზულების „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ“ დაწერის ზუსტი თარიღი უცნობია. ტექსტიდან ჩანს, რომ ავტორი წერას შესდგომია გიორგი ათონელის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ანუ 1066 წლის პირველი ნახევრიდან 1068 წლამდე, როდესაც გარდაიცვალა გიორგი შეყენებული. გიორგი მცირე ცნობილია, აგრეთვე, როგორც მწიგნობარი, რომელიც ზრუნავდა ქართული ხელნაწერების გამრავლებაზე. ჩვენამდე მოაღწია მის მიერ გადაწერილმა ერთმა ხელნაწერმა, რომელიც გიორგი ათონელის მიერ თარგმნილი „სამოციქულოს“ ტექსტს შეიცავს და გადაწერილია 1083 წ. ამ თარიღის შემდეგ არაფერია ცნობილი მის შესახებ.