გრიგოლ აგრიგანტელი, ეპისკოპოსი; დაიბადა კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ აკრაგანტის მახლობლად მდებარე სოფ. პრეტორიაში. თავდაპირველად ელეონის მთაზე მდებარე მონასტერში დამკვიდრდა. ერთი წლის თავზე სავანე დატოვა და ერთ მეუდაბნოე ბერს მიაშურა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში გულმოდგინედ ასწავლიდა მოსაგრე ცხოვრების წესებს. განდეგილმა წინასწარ განჭვრიტა ჭაბუკის მომავალი და აკურთხა იგი, დაყუდებიდან გასულიყო. გრიგოლმა რამდენიმე ხანი იერუსალიმში დაჰყო, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა სერგისა და ბაქოსის სახელობის მონასტერში. კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ევტიქის (552 – 565 წწ.), მოთხოვნით მონაწილეობა მიიღო მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]