გა გე გვ გი გო გრ გუ გჳ
გრი

გრიგოლ ხანცთელი (759 – 861 წწ.)

წმ. გრიგოლ ხანძთელი, სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი; დაიბადა ქართლში, წარჩინებულ ოჯახში. აღიზარდა ქართლის ერისმთავრის, ნერსეს, კარზე (ნერსეს მეუღლის ძმისწული და შვილობილი იყო). თავისი დროისათვის ბრწყინვალე განათლება მიიღო. აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა ნებით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როცა მისი ეპისკოპოსობა განიზრახეს, ფარულად მიატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა. ჯერ ოპიზაში ცხოვრობდა, შემდეგ ხანძთაში დასახლდა და საერო ხელისუფალთა დახმარებით გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა, რომელშიც ჩააბა თანამოღვაწეთა დიდი დასი. წმ. გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში: ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში – დედათა სავანეები; დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონასტერი. მისი წაბაძვით მოწაფეებმა იწყეს მონასტრების მშენებლობა იშხანში, ბარეთელთაში, წყაროსთავში, ნეძვში და სხვ. IX ს. 30-იან წლებში წმ. გრიგოლი კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. მისი ენერგიული ჩარევით გადააყენეს თბილისის ამირა საჰაკის აგენტი – ანჩის ეპისკოპოსი ცქირი. მან, ასევე, დიდი როლი შეასრულა IX ს. 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელზეც არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაირჩა. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად. წმ. გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა (აქედანაა მისი ზედწოდებაც) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა. ის იყო თავის დაარსებულ მონასტრებში გაჩაღებული მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელი. გიორგი მერჩულის ცნობით, საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეუდგენია ქტიტორული ტიპიკონი „წესი და განგება ხანძთის სავანისა“, რომელიც, გიორგი მერჩულის დახასიათებით, ყოფილა „სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული, და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასეჲ დაულევნელთა კეთილთაჲ“ (ძეგლი დაკარგულად ითვლება). გრიგოლ ხანძთელს შეუთხზავს ჰიმნოგრაფიული კრებული „საწელიწდოჲ იადგარი“ – ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა. ღირს გრიგოლს უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან თავისი სულის განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტერში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, რომ ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს მასთან პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად მივიდნენ მეუდაბნოე მამები. გრიგოლმა აკურთხა ისინი, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეავედრა სული უფალს. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში 861 წლის 18 ოქტომბერს. საკუთარი ანდერძისამებრ, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9