წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა X ს. ქართველმა აგიოგრაფმა გიორგი მერჩულემ 951 წ. თხზულებაში „შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდისა აღმაშენებელისაჲ, და მის თანა ხსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ“. „ცხორების“ ტექსტის ბოლოს მოთავსებულია ანდერძი: „ხოლო ხანძთისა წინამძღურისა და იოვანე ძმისა მისისა და წიგნისა ამის აღმწერელისა გიორგი მერჩულისა – სამთავე ამათ ერთად გულსმოდგინებითა დაიწერა ხანძთას შინა ნეტარისა გრიგოლის ცხორებაჲ ესე“. აღნიშნული ანდერძის ტექსტზე დაყრდნობით, გამოთქმულია მოსაზრება რომ, ის უნდა ეკუთვნოდეს არა ავტორს, არამედ „ცხორების“ ტექსტის შემცველი, ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ნუსხის, გადამწერს, რომელსაც 951 წ., უბრალოდ, გადაუწერია თხზულება. ეს გადაწერა მომხდარა თავად გიორგი მერჩულის, აგრეთვე, ხანძთის წინამძღვრისა და მისი ძმის, იოვანეს, ხელშეწყობითა და დავალებით. ცნობილია, რომ გიორგი მერჩულის თხზულება გარკვეული ხნის შემდეგ განავრცეს და მასში სასწაულები ჩართეს, რაც, თხზულების ტექსტის თანახმად, მომხდარა ბაგრატ ერისთავთ-ერისთვის, დიდი ადარნერსე კურაპალატის ძის, ინიციატივით. ინტერპოლატორ ბაგრატ ერისთავთ-ერისთავად მიიჩნეოდა ადანერსე III-ის ძე, ბაგრატ IV ერისთავთერისთავი. ბოლო დროს გამოთქმული მოსაზრების თანახმად, ინტერპოლატორი უნდა ყოფილიყო ქართველთა მეფე ბაგრატ I (937 – 945 წწ.), ქართველთა მეფის, ადარნასე II კურაპალატის (899 – 923 წწ.) ძე. „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ჩვენამდე მოღწეულია ერთადერთი ხელნაწერით, რომელიც XI – XII სს. გადაწერილი და დაცულია იერუსალიმში, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში.