აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აგა აგი

აგიოგრაფიული კრებულები

ჯერ კიდევ მე-17 ს. გასულსა და მე-18 ს. დასაწყისში გადაუდებელ ამოცანად დადგა ქართველ წმინდანთა საკითხავი კრებულის შედგენა. ამ კუთხით მოსამზადებელი სამუშაობი ჩატარდა დავითგარეჯის მონასტერის წინამძღვრის – ონოფრე გარეჯელის // ოთარ მაჭუტაძის ხელმძღვანელობით. 1699 წ. მისი დავალებით შედგა პირველი აგიოგრაფიული კრებული. ინიციატივა უფრო ვრცელი აგიოგრაფიული კრებულის შედგენისა ეკუთვნის დომენტი კათოლიკოსს, რომელმაც სპეციალურად დაძებნა ქართველ წმინდანთა საკითხავები და შეადგინა ეროვნულ წმინდანთა ღვაწლის ამსახველი პირველი ორიგინალური აგიოგრაფიული კრებული, 21 თხზულება ქართველ მოწამეთა შესახებ. მის მიერ შედგენილი აგიოგრაფიული კრებული არის პირველი ეტაპი ქართველ წმინდანთა წამება-ცხოვრების შედგენის ისტორიაში. 1713 წ. დავითგარეჯის უდაბნოს წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის განსწავლულ ბერს, გაბრიელ საგინაშვილს, გადაუწერია დომენტის კრებული. ამის შემდეგ დაისვა საკითხი ამ კრებულის შევსებისა, რომელიც მე-18 ს. 20-იან წლებში სრულყო ბესარიონ ორბელიშვილმა. მან კრებულს დაამატა ხუთი აგიოგრაფიული თხზულება და ასე მივიღეთ აგიოგრაფიული კრებულის ახალი (მეორე) რედაქცია, რომელშიც თავი მოიყარა ჰიმნოგრაფიულმა მასალამაც. აგიოგრაფიული კრებულების მესამე რედაქცია ეკუთვნის ანტონ 1 კათალიკოსს, რომლის „მარტირიკაში“ შესული ოცივე თხზულება მარტიროლოგიური ხასიათისაა. კრებული იწერებოდა 1768 – 1769 წწ. „მარტირიკაში“ 17 ქართველი წმინდანია, 2 სომეხი, ხოლო რაც შეეხება წმ. გრიგოლ განმანათლებელს // პართეველს // პართელს, ის განცალკევებით დგას, რადგან მისი ხსენება შესულია როგორც სომხურ, ასევე – ბერძნულ, ქართულ და სლავურ საეკლესიო კალენდრებში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9