წმ. დავით გარეჯელი, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი; გადმოცემის თანახმად, გარეჯის მრავალმთის სანახებში, თავის მოწაფეებთან – ლუკიანესა და დოდოსთან ერთად, დაუარსებია მონასტერი (დავითგარეჯა), რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე, დავითის ლავრის მთავარ ტაძარში. ზეპირი გადმოცემით წმ. დავით გარეჯელის სახელი უკავშირდება თბილისის მამადავითისა და ქაშვეთის ეკლესიათა ადგილებს, სადაც მას უცხოვრია გარეჯაში წასვლამდე. მისმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცებასა და ჯერ კიდევ შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას. მისი ინიციატივით მისივე მოწაფეებმა დოდომ და ლუკიანემ გარეჯის სანახებში დააარსეს ახალი მონასტრები.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]