„ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა დავით გარესჯელისაჲ“ - თხზულებაში მოთხრობილია ერთ-ერთი ასურელი მამის, წმ. დავით გარეჯელის, ცხოვრება და მის მიერ გარეჯის მონასტრის დაარსების ისტორია. წმ. დავითის ბიოგრაფიისათვის ძირითად წყაროებს წარმოადგენს მისი ცხოვრების ოთხი განსხვავებული რედაქცია: ორი ძველი რედაქცია – კიმენური და მეტაფრასული (დაწერილია ონოფრეს შეკვეთით, რომელიც, სავარაუდოდ, გარეჯის წინამძღვარი იყო). ამ რედაციათა ავტორის, შექმნის თარიღისა და ურთიერთმიმართების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. კიმენურ მრედაქციას სხვადასხვა მკვლევარები ათარიღებენ VII ს-ის დასასრულით (ს. კაკაბაძე), X ს-ის I ნახევრით (კ. კეკელიძე), X ს-ის II ნახევრით (ე. გაბიძაშვილი; მკვლევარი ამ რედაქციას მიიჩნევს არსენ კათალიკოსის მიერ დაწერილ არქეტიპად, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ერთიანი თხზულების – წმ. იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ცხოვრების ნაწილს). მეტაფრასულ რედაქციას მკვლევართა უმრავლესობა კიმენური რედაქციის საფუძველზე XII ს-ში შექმნილად მიიჩნევს. ივ. ჯავახიშვილი ამ რედაქციის შექმნის თარიღად XVIII საუკუნეს ვარაუდობს, ხოლო ს. კაკაბაძე – X ს-ის დასაწყისს. გადა ამისა, არსებობს 1737 – 1740 წწ. მეტაფრასული რედაქციის საფუძველზე რომანოზ მიტროპოლიტის მიერ შექმნილი ახალი მეტაფრასული ცხოვრება და გვიანდელი სვინაქსარული ცხოვრება (მოღწეულია ერთადერთი XVIII ს-ის ხელნაწერით, შედგენილი უნდა იყოს ადრეული მეტაფრასული ცხოვრების საფუძველზე). ცნობები წმ. დავით გარეჯელის შესახებ დაცულია, აგრეთვე, წმ. იოანე ზედაზნელისა და შიო მღვიმელის „ცხოვრებანშიც“.