მთავრები არგვეთისა (ზემო იმერეთი, კერძოდ, დღევანდელი ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ჭიათურის, საჩხერის, ტყიბულის ნაწილები) მხეიძეთა ფეოდალური გვარიდან. გმირულად იბრძოდნენ საქართველოში შემოჭრილ არაბი სარდლის, მურვან ყრუს, წინააღმდეგ. არგვეთის ბრძოლაში არაბებმა შეიპყრეს ისინი და მოწამებრივი სიკვდილით დასაჯეს. წმ. დავითი და კონსტანტინე დაკრძალეს მდ. წყალწითელას ნაპირზე მდებარე მურვან ყრუს მიერ დარღვეულ ეკლესიაში. ბაგრატ მეფის (1072 – 1117 წწ.) ბრძანებით აქ აშენდა მონასტერი, რომელშიც დაასვენეს წმ. დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნაწილები. მონასტერსა და მის ახლო მდებარე სოფელს, დავითისა და კონსტანტინეს ღვაწლის პატივსაცემად, მოწამეთა ეწოდა.