დავით III დიდი კურაპალატი (X ს.) _ ადარნასე III-ის ძე, ბაგრატიონი, იმიერტაოს მმართველი, კურაპალატის ტიტულის მფლობელი 978 წლიდან; მისი მეთაურობით განხორციელდა ბაგრატ III-ის გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა; 979 წ. დავით III დაეხმარა იმპერატორ ბასილ II-ს ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში. ამისათვის იმპერიის ხელისუფლებამ მას სამმართველოდ გადასცა „ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი“, ოღონდ – არა სამუდამოდ, არამედ მხოლოდ მისი სიცოცხლის განმავლობაში („თავისა სიცოცხლესა ჰქონდიან“). დავით III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. გაიბა ფართო ეკონომიკური კავშირი აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეყნებთან; აღდგა არაბთა მფლობელობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის გამოშვება; აიგო ოშკის, ხახულის, პარხლის ტაძრები, საფუძვლიანად გადაკეთდა ოთხთა ეკლესია – ამ მონასტრებში ფართო კულტურული საქმიანობა გაჩაღდა, მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. გარდა ამისა, დავით III ათონზე მოღვაწე ქართველ მამებს საგანგებოდ უკვეთდა ქართულ წიგნებს. შემორჩენილია მისი დაკვეთილი ბრილის საწინამძღვრო ჯვარი.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]