და დე დვ დი დო დუ დჳ
დებ დედ დეკ დემ დეო

დეოკლიტიანე (244 – 311 წწ.)

დიოკლეტიანე // დიოკლიტიანოს, რომის იმპერატორი; დაბალი სოციალური სტატუსის ოჯახში დაბადებულმა წარმატებებს მიაღწია სამხედრო საქმეში და იმპერატორ კარუსის დროს ცხენოსანი ჯარის სარდალიც გახდა. კარუსისა და მისი ვაჟის, ნუმერიანეს, გარდაცვალების შემდეგ იმპერატორად გამოაცხადეს. ტიტულზე პრეტენზიას, მის გარდა, კარუსის კიდევ ერთი ვაჟი, კარინუსი აცხადებდა, თუმცა დიოკლეტიანემ შეძლო მისი დამარცხება მარგუსის ბრძოლაში. მისმა მმართველობამ წესრიგი და სტაბილურობა დაამყარა იმპერიაში და წერტილი დაუსვა კრიზისს. 286 წ. დიოკლეტიანემ მაქსიმიანეს ავგუსტუსის ტიტული უბოძა და თანაიმპერატორად გამოაცხადა. ის ისტორიაში შევიდა, როგორც ქრისტიანობის სასტიკი მტერი. 303 წ. 24 თებერვალს გამოქვეყნებული ედიქტის მიხედვით, ყველა ქრისტიანული ტაძარი და საღვთისმსახურო წიგნი უნდა განადგურებულიყო; ქრისტიანებისათვის წოდებები უნდა ჩამოერთვათ და პატივი აეყარათ. 303 წ. გაზაფხულზე სომხეთსა და სირიაში აჯანყებებმა იფეთქა. დიოკლიტიანემ ამაში ქრისტიანები დაადანაშაულა და ახალი ედიქტი გამოსცა. 303 წ., საიმპერატორო ტახტზე ასვლის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით, ამნისტია გამოაცხადა; ქრისტიანთა უმრავლესობა ციხეებიდან გაათავისუფლეს და დევნის ინტენსივობაც შემცირდა. 304 წ. გაზაფხულზე, მეოთხე ედიქტიც გამოიცა: ყოველი ქრისტიანი ვალდებული იყო, რომ მსხვერპლშეწირვა აღესრულებინა. ამ ედიქტის მიღების შემდეგ მთელ იმპერიაში უამრავი ქრისტიანი აწამეს. 305 წ. 1 მაისს დატოვა დაკავებული თანამდებობა და, ფაქტობრივად, შეწყდა ქრისტიანთა დევნა. დიოკლიტიანეს დევნისას ეწამნენ მოწამეები: რომის პაპი მარკელინი, დიდმოწამე ანასტასია მწვალებლობათა დამხსნელი, დიდმოწამე გიორგი, მოწამე მოწამე ანდრია სტრატილატი, იოანე მხედარი, წმინდანი უვერცხლონი კოზმა და დამიანე, კვირიკე და ივლიტა, კვიროსი და იოანე და მათთან ერთად სხვანი, ევპოლოს არქიდიაკონი, დიდმოწამე პანტელეიმონ ნიკომიდიელი, თეოდოტე, მოკიოს ბიზანტიელი, სებასტიანე რომაელი და სხვ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9