რუსეთის არმიის გენერალი, თბილისის სამხედრო გუბერნატორი 1849-1855 წლებში, სამოქალაქო ნაწილის მმართველი. მისი დედა იყო მაია, გრიგოლ ორბელიანის ბებიის – ელენეს – ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. ივანე ანდრონიკაშვილმა სამხედრო სამსახური დაიწყო 1817 წელს სანკტ-პეტერბურგის ლეიბგვარდიის ცხენოსან ლეგიონში, სადაც დაწინაურდა შტაბსროტმისტრამდე და საიდანაც, მისი თხოვნისამებრ, 1824 წელს მაიორად გადაიყვანეს საქართველოში, ნიჟეგოროდის დრაგუნთა ლეგიონში. იგი იხსენიება 1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო საქმეებში. ივანე ანდრონიკაშვილი მონაწილებდა რუსეთ-სპარსეთის 1826-1828 და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომებში. მან თავი ისახელა ელიზავეტოპოლის, ჯევან-ბულახის, სარდარ-აბადის, ერევნის, ახალციხისა და ბაიბურთის ბრძოლებში. 1841 წელს გენერალ-მაიორია, 1849 წელს – თბილისის სამხედრო გუბერნატორი. მისი მეუღლე იყო დავით ბატონიშვილის შვილიშვილი ნინო. გარდაიცვალა თავის საგვარეულო მამულში, ყოფილი სიღნაღის მაზრის სოფელ ქოდალოში.
წყარო: XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა. ტ. 5, გრიგოლ ორბელიანი, (ნაწ. 4) / ტომის რედ.: ქეთევან გიგაშვილი, მარიამ ნინიძე. საგამომცემლო ცნობები /თბილისი, 2014 წ.