აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
ალა ალე ალვ ალთ ალი ალკ ალმ ალო ალუ

ალაგი ლიხელე

("ადგილისათვის, მიწისათვის მიძღვნა")- ახალი წლის სვანური წეს-ჩვეულება, განკუთვნილი იყო ოჯახის ბარაქისა და კეთილდღეობისათვის (ვ. ბარდაველიძე); სრულდებოდა ლიზიენალ ლადეღის დღეობაზე. ალაგი ლიხელეს რიტუალის საინტერესო ვარიანტი დამოწმებულია სოფ. ფაყში (ლენტეხი): შუშხვამ ღამეს, როგორც კი ოჯახის მამაკაცთა და ბავშვთა ნაწილი დაიძინებდა, უფროსი დიასახლისი გამოაცხობდა სამ კვერს, რომელთაგან ერთი - დიდი ღმერთის სახელობისა იყო, მეორე ნამგლის ფორმისა (გამოხატავდა ახალ მთვარეს. მას ალაგი ლიხელეს მეორე ლენტეხურ ვარიანტში, რომელიც დღეობა ჩიტობს სრულდებოდა, დოშდულ- "მთვარე" ეწოდებოდა) და მესამე - კენჭივით მრგვალი და პატარა. გარდა აღნიშნულისა, აცხობდნენ სამ მრგვალ, სამქიმიან ლემზირს, ამასთან შესაწირავად მზადდებოდა: მოხარშული კვერცხი, საახალწლოდ დაკლული ღორის მარჯვენა ფეხი და გულ-ღვიძლის მარჯვენა ნაწილი, ერთი ჭიქა არაყი ან ღვინო და სანთელი.საცერში ჩალაგებულ ყველა შესაწირავს, გარდა ღვინისა, დიასახლისი მარცხენა ხელში დაიჭერდა, მარჯვენა ხელით კერაზე ცვილს დაყრიდა და ღვინით ხელში კერიის წინ გაჩერდებოდა; რძლებიც კერიის გარშემო განლაგდებოდნენ. უფროსი მანდილოსანი შეუდგებოდა ლოცვას, რომელსაც დამსწრე ქალები ხმამაღლა იმეორებდნენ. შემდეგ დაიჩოქებდნენ და ლოცვას გაიმეორებდნენ იმავე წესით. ლოცვის დასრულებისთანავე, განზე გამდგარი რძლები კერას პირს მოარიდებდნენ. უფროსი მლოცველი, რომელიც კვლავ მუხლმოყრილი რჩებოდა,კერიის პირზე მიწაში ჩაფლავდა სამ პატარა კვერსა და მოხარშულ კვერცხს, ისევ ილოცებდა და ღვინოს დალევდა; წამოდგებოდა და იქ მყოფთ ღორის გულ-ღვიძლს, ფეხის ნაწილებსა და ლემზირებს გაუნაწილებდა.

ვ. ბარდაველიძის აზრით, "კვერების მიწაში დამარხვით, უნდა მომხდარიყო ციურ არსებათა დაახლოება ღვთაებრივი მიწის ნიადაგთან იმისათვის, რომ მიწა მნათობთა სითბოსა და სხივებს (სინათლეს)ზიარებოდა, მათი ცხოველყოფელი ძალით განაყოფიერებულიყო და ამის შედეგად, თავისი წიაღიდან ადამიანთათვის საკეთილდღეო მცენარეები წარმოეშვა". ლიტ.:ვ. ბარდაველიძე. სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი.ახალწლის ციკლი. ტფ., 1939, გვ.119; ვ. ბარდაველიძე. ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები. თბ.,1953, გვ.90-91.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9