ქართული დემონოლოგიის პოპულარული პერსონაჟი (ორივე სქესის. მამრი უფრო ძლიერია). მდედრობითი სქესის ალი წარმოდგენილი ჰყავთ გრძელი, ოქროსფერთმიანი, თეთრკაბიანი ლამაზი ქალის სახით (სხვა მონაცემებით, ალი არის მახინჯი: აქვს საზარელი, სისხლით მოსვრილი თმა, რვალის კბილი, რკინის ჭლიკი; ჭუჭყიან ტანზე ეკლები ასხია, ახმახია და ფეხმოქცეული); მკვიდრობს ტყეში, კლდესა და უკაცრიელ ადგილებში, ნანგრევებში; ჩნდება წყლისპირზეც: ზის და ოქროს სავარცხლით ივარცხნის ლამაზ თმებს , წყალში იტყუებს მისი მშვენებით მოხიბლულ მამაკაცებს; შესწევს მაქციობის უნარი: მსხვერპლს ახლობლის სახით ეჩვენება. ალი მელოგინე ქალის, ახალშობილის, ღამის მგზავრის, მთვრალი ადამიანის, დასაქორწინებელი ქალ-ვაჟების ანტაგონისტია (საცოლე ვაჟებთან ინტიმურ კავშირსაც ამყარებს); მთელი ღამე ქანცგაწყვეტამდე დააჭენებს ცხენებს, რომელთაც ფაფარსა და ძუას უწნავს; ეშინია წმინდა გიორგის სახელის ხსენების, ცეცხლისა და ნემსის. თუ ადამიანი ალს მოიხელთებს და თმასა და ფრჩხილს დააჭრის (ან სავარცხელს მოჰპარავს)და დაუმალავს, მას ოჯახის ერთგულ მოსამსახურედ გაიხდის, ვიდრე ალი თავის ნივთებს არ იპოვის; თუ იპოვა, სახლ-კარს გადაუწვავს და წავა. ლ. ჩლაიძემ, შეისწავლა რა ირანულ-თურქულენოვანი ხალხების ამავე სახელწოდების (აგრეთვე, ალ- კომპონენტის შემცველი)დემონოლოგიური პერსონაჟის ნიშან-თვისებები ქართულ ალთან მიმართებაში, სავსებით დამაჯერებლად დაასკვნა, რომ იგი ქართულ პანდემონიუმში აღმოსავლური სამყაროდან არის შემოსული.
ლიტ.:ე. ვირსალაძე. ქართული სამონადირეო ეპოსი. თბ., 1964, გვ.111-120;მ.ჩიქოვანი. ქართული ეპოსი. ტ.1. თბ., 1959, გვ.242; ლ.ჩლაიძე. ქართულ-აღმოსავლური დემონოლოგიური ურთიერთობიდან, მაცნე., ისტორიის სერია.1975, 1. გვ.125-133;ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. თბ.,1951, გვ. 97; М Джанашвили Картвельские поверья\\СМОМПК1893, вып. 17. გვ.164-170;Г Марушко Из области народной фаитазии и быта Тифлисской и Кутаисской губернии//СМОМПК вып 18 отдел 3,გვ.364-365;М. Г.Марушко Из области народной фантазии и бита \\ СМОПК вып.32,отд.3.გვ.85-87.