კუთხ. ფშ.,იმერ.,ქართ., ლეჩხ., მეგრ., სვან. წიფლის ხის ტანზე მიკრული სოკო; იზრდება საკმაოდ დიდი. აბედის სოკოს კარგად გამოხარშავენ, მზეზე გააშრობენ და შემდეგ წვრილ ნაჭრებად დაანაკუწებენ. ცეცხლის დანთებისას აბედის ნაკუწს მჭიდროდ დაადებენ ფოლადის ნაჭერს - კვესს (იხ.) და ჩამოარტყამენ ტალს (იხ.) - მაგარი ქანის შედგენილობის ქვას. რკინის ქვაზე ჩამორტყმისას გაყრილი ნაპერწკლები აბედს შეეყრება და რამოდენიმე ასეთი ჩამორტყმის შემდეგ წაეკიდება უალო ცეცხლი, რომელიც საკმარისია დიდი ცეცხლის ასანთებად. კვეს-აბედით ცეცხლის გაჩაღება ადამიანის ერთი უძველესი გამოგონებათაგანია. ეს პრინციპი მოგვიანებით ეფექტურად იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის კონსტრუქციაში.
ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. თბ., 2013; ა. მაყაშვილი. ბოტანიკური ლექსიკონი. მესამე გამოცემა. თბ., 1991; ვ. ბერიძე. სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა. სპბ., 1912; გ. ხორნაული. ფშაური ლექსიკონი. თბ., 2000
წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.