ერთი და იმავე ხელობის ხელოსნურ-ვაჭრული გაერთიანება. სიტყვა "ჰამქარ" მომდინარეობს სპარსულიდან და ნიშნავს თანამოსაქმეს. განვითარებულ შუა საუკუნეებში ხელოსანთა ასეთ კორპორაციას ეწოდებოდა "თაბუნი", XVII-XVIIIს.ს."ასნაფი". მოგვიანებით "ამქარმა" მოიკიდა ფეხი.ხელოსანთა გაერთიანებანი საქართველოში დასტურდება VIს-ის ისეთი მნიშვნელოვანი წერილობითი ძეგლის მიხედვით, როგორიცაა "ევსტთი მცხეთელის მარტვილობა". ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, უცხოური ასნაფის დამკვიდრებამდე, ხელსნური გაერთიანების აღმნიშვნელად საქართველოში იხმარებოდა "ოფიკალი", ხოლო მასზე ადრე "მუშათუხუცესი", "ხელოსანთა მომგე" და "ზედამდგომელი", რომლებთაც სხვადასხვა სახის მოქმედება ევალებოდათ "საქმის მოქმედთა", ანუ "მუშაკთა" მიმართ.საკუთარი ამქრული გაერთიანება ჰქონდათ: კალატოზებს,დერციკებს, ჭონებს, ხარაზებს, მეთულუხჩეებს, ბაზაზებს, მეუნაგრეებს, მეთუნუქეებს, მეპურეებს, ხუროებს, დურგლებს, მჭედლებს, მეაგურეებს, თერძებს, მესპილენძეებს და სხვათა. ამქრის სრულუფლებიანი წევრი იყო მხოლოდ ოსტატი, რომელსაც ჰქონდა თავისი სახელოსნო იარაღები და ნედლეული. იგი იყო აღსაჰყალი. ამქრის უსტაბაშს ირჩევდა და წესდებას ამტკიცებდა ამქრის საერთო კრება.ამქრის წოდებრივი ორგანიზაცია სამსაფეხურიანი იყო: ოსტატი, ქარგალი, შეგირდი. ოსტატი, როგორც მუშა და მასწავლებელი, თავის გამოცდილებას შეასწავლიდა შეგირდს, რომელიც იწყებდა ქარგლობას ანუ ნაწილობრივ დამოუკიდებელ მუშაობას. ხელობის სრულად დაუფლების შემდეგ იგი ოსტატისაგან დამტკიცდებოდა. თავისი მასწავლებლისაგან მიიღებდა ერთ ხელ სახელოსნო იარაღებს და სრულუფლებიან ოსტატად ითვლებოდა. თითოეულ ამქრულ ორგანიზაციას გააჩნდა თავისი ფირი და დროშა, რომელზედაც გამოსახული იყო ამ ხელობათა მფარველი ღვთაებანი. ამქარს ჰქონდა საერთო ხაზინა, საიდანაც ფული გაიცემოდა ამქრის თითოეული ხელმოკლე და გაჭირვებაში ჩავარდნილი წევრისათვის.ამქრული ორგანიზაციის მკვლევართა აზრით, ქართული მასალების სიჭარბე მნიშვნელოვანი საბუთია იმის დასამტკიცებლად, რომ ამქრული ორგანიზაციები საქართველოში- ქართულ ნიადაგზეა წარმოშობილიდა თავის მძლავრ განვითარებას მე-10-11-ე საუკუნეში მიაღწია.
ლიტ.:პ. გუგუშვილი. ამქრული ორგანიზაციები\\ ქსე ტ 1. 1975; შ.მესხია. საისტორიო ძიებანი.ტ 2.თბ.,1983.