ანტიქრისტე, მაცხოვრის ღვთაებრივ საქმეთა ანტაგონისტი ძველ ქართულ ხალხურ რწმენა-წარმოდგენათა მიხედვით. ამ წარმოდგენათა თანახმად, ანტე, რომელიც მომავალში უნდა დაიბადოს,მაცხოვრის ანტიპოდი იქნება: მახინჯი, არადამიანური გარეგნობის, არაჩვეულებრივად მაღალწვივებიანი (იოანე-ზოსიმე. კალანდაი "მთოვარისა ბედნიერებაი და უკუღმართობაი...") მაღალწვივებიანი ანტეს შესახებ წარმოდგენის ილუსტრაციაა შ. რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ერთი სტრიქონი: "ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავაანტენით" (ე. ი.ანტედ ვაქციეთ, ანტეს დავამსგავსეთ).ტარიელმა და ფრიდონმა თავიანთი მტრები ანტეს იმით დაამსგავსეს, რომ მათ წვივები დაულეწეს (ხალხური შეხედულებით,მომავალში ანტე წვივებდალეწილი უნდა დაღუპულიყო).შ. რუსთაველმა, რა თქმა უნდა,კარგად იცოდა, რომ ანტიქრისტე უნდა მოკვდეს არა ისე, როგორც ქრისტე გარდაიცვალა, -მაცხოვარმა პილატესა და მრავალ სხვა თვითმხილველთა გასაკვირად, წვივების დალეწვის გარეშე განუტევა სული "... რაითა წერილი აღესრულოს, ვითარმედ ძვალი მისი არა შეიმუსროს" (იოანე, 19, 36.) ახალი "ქართლის ცხოვრების" მეორე ტექსტში საქართველოში თემურ-ლენგის შემოჭრის აღწერას წინ უსწრებს მისი წინაპრის - ჩინყიზ სამარყანელის - უწმინდური, სატანისეული ჩასახვის დედის ანტესებრივ დაორსულებას ("მიდგომილება ანტესებრივი")უწოდებს და, ამდენად, თემურ-ლენგს ანტიქრისტედ სახავს.(თემურ-ლენგს ანტიქრისტეს უწოდებს ძველი სომხური საისტორიო ტრადიციაც). საკითხთან დაკავშირებით, ინტერესმოკლებული არ იქნება აღინიშნოს, რომ ძველ ქრისტიანთა წარმოდგენით, ანტიქრისტე უნდა დაიბადოს ქალწულად მიჩნეული მეძავი ქალისაგან (ქრისტეს უმანკო ჩასახვის პერიოდია); სხვა ვერსიით, აღთქმაგატეხილი მონაზვნისაგან(როგორც განდგომის სამომავლო ხორცშესხმა), ან სისხლაღრევითი კავშირით (ინცესტით). როგორც ჩანს, ძველ საქართველოში ანტეს დაბადება სწორედ ასე ესახებოდათ.
ლიტ.:ნ. ანთელავა.ახალი "ქართლის ცხოვრების" ერთი ადგილის გაგებისათვის ("მიდგომილება ამტესებრივი") \\საისტორიო შტუდიები.5.თბ.., 2004, გვ.39-42; ახალი "ქართლის ცხოვრება"."ქართლის ცხოვრება" ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ.2.1965, გვ.446-448; თ. მეწოფელი. ლენგ-თემურის ისტორია. თარგმანი,შესავალი და კომენტარები ლ.მელქისეთ-ბეგისა.თბ.,1937,გვ.22; შ.რუსთაველი, "ვეფხისტყაოსანი", პ.ინგოროყვას რედაქტორობით და შენიშვნებით. თბ.,1953, გვ.412.