საქართველოში აბრეშუმის ძაფი და მისგან დამზადებული ქსოვილები, „აბრეშუმის“ სახელწოდებით იყო ცნობილი. ძველ ქართულად, „ჭიჭნაური“ აბრეშუმის ჭიის პარკიდან ამოხვეულ ძაფს აღნიშნავდა. მისგან საქსოვ დაზგაზე - საქსელზე იქსოვებოდა დარაია (თავთა//მერდინი, კახეთში, ქართლში, იმერეთში, ქიზიყში), ჩხირებითა და ყაისნაღებით კი, თავსაფრები, წინდები, ტოლაღები, ხელთათმანები, ჩახსაკრავები, სახიანი სარტყლები, ყაითნები, ჩაფარიშები. წმინდა აბრეშუმთან ერთად, მზადდებოდა აბრეშუმნარევი ქსოვილები: შალ-აბრეშუმი, ბამბა-აბრეშუმი. აბრეშუმის ნაწარმს, საოჯახო მოთხოვნილებების გარდა, გასაყიდადაც იყენებდნენ. ადგილობრივი ბაზრების გარდა, აბრეშუმის ნაწარმი სხვა ქვეყნებშიც გადიოდა. ქართული წერილობითი წყაროები და ეთნოგრაფიული მასალა აბრეშუმის წარმოების მდიდარ ტრადიციებს წარმოაჩენს. შორეული აღმოსავლეთიდან მომდინარე მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო-სატრანზიტო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მდებარე საქართველოში, აბრეშუმის კულტურის შესწავლა V-VI სსდან ივარაუდება. სოფელ მცხეთიჯვარში (ხაშურის რაიონი) აღმოჩენილია აბრეშუმის სამშობლოს - ჩინეთის იმპერიის ფულის ერთეული, რაც ამ მოსაზრების ერთი მნიშვნელოვანი დამამტკიცებელი ფაქტია. აჭარში აბრეშუმის ქსოვილები ჯერ გურიიდან შემოჰქონდათ, შემდეგ კი, აჭარაშიც დაიწყეს აბრეშუმის პარკის მოშენება და აბრეშუმის ძაფის მიღება. XIX ს-ის 80-იანი წლებიდან, აჭარელმა მუჰაჯირებმა ეს საქმე თურქეთში, მარმარილოს რეგიონშიც ჩაიტანეს.
ლიტ.: ნ. აბესაძე, აბრეშუმის ქსოვილის დამზადების ისტორიისათვის საქართველოში // მსე, ტ. V, 1963; ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი. აჭარა. პროექტის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ნ. მგელაძე. რედაქტორი რ. მეტრეველი. ბათუმი, 2018.