ზემოიმერული დიდი ზომის რიტუალური პური, აცხობდნენ ახალ წელს. აბრი პურს საახალწლო სუფრის შუაგულში დადებდნენ, გარშემო კი მრგვალად მოხარშულ ქათამს, ღორის თავს, ხილს, კვახს, ნიგოზს, ბასილასა და სხვა პურ-კვერებს შემოუწყობდნენ. დიასახლისი თაფლში ამოვლებული აბრი პურის ნაჭრებს ოჯახის წევრებს შეაჭმევდა და ახალი წლის დადგომას მიულოცავდა. კალათში ჩაწყობილი აბრი პური და სხვა პურ-კვერები ოჯახის მისაკვლევი იყო და თავისი ფუნქციით დასავლურქართული ჩიჩილაკის (იხ.), რაჭულ-ლეჩხუმური „სამკლოვიარო გვერგვის“ (იხ.), ქართლური „აბრამიანის“ (იხ.), აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა „საკვლევარისა“ (იხ.) და საქართველოს სხვა კუთხეების საახალწლო ხონჩების ანალოგიას წარმოადგენდა; აბრი პურის იდენტური იყო სვანური დიდჯვრიანი ბედის პური, რომელზედაც მეკვლე ყველს, მოხარშულ ხორცს, პურს, თაფლსა და ვერცხლის ფულს დააწყობდა და ახალწლის შემოსვლას უფროსობის რიგის დაცვით ოჯახის ყველა წევრს მიულოცავდა.
ლიტ.: ლ. დადუანი. შობა-ახალწელიწადი სვანეთში // ეთნოგრაფიული წერილები სვანეთზე. თბ., 1973, გვ. 19; ჯ. რუხაძე. ხანი იმერეთის ხევსურეთია. თბ., თბ., 1989; გ. გოცირიძე. საახალწლო ხონჩა // ძეგლის მეგობარი. № 1. თბ., 1988, გვ. 60-65;