ქართლური საახალწლო--სამეკვლეო ძღვენი. აბრამიანი თავისი ფუნქციით დასავლურქართული ჩიჩილაკის (იხ.), რაჭულ-ლეჩხუმური „სამკლოვიარო გვერგვის“ (იხ.), ზემო იმერული „აბრი პურის“ (იხ.), ჯავახური „საახალწლო ტაბლის“ (იხ.), აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა „საკვლევარის“ (იხ.) ანალოგიაა. წარმოადგენს მოხარშული ღორის თავის, სხვადასხვა სახის რიტუალური პურების („ბასილა“, ბედის კვერები და სხვ.), ხილის, ტკბილეულის, პურის მარცვლის, ხელადით ღვინისა და სხვა პროდუქტების ნაკრებს, რომელიც დიდ გობზე (ხონჩაზე), ტაბაკზე ან ცხრილზეა დაწყობილი.
ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ „აბრამიანი“ ტერმინისათვის ამოსავალია ბიბლიური აბრაამის სახელი (?), სხვანი „აბრამიანისა“ და „აბრი პურის“ (იხ.) კავშირზე მიუთითებენ (საეჭვოდ გამოიყურება ტერმინის ამოსავლად „ამბარი“ სიტყვის მიჩნევა).