ხევსურეთში, სოფელ როშკის ზემოთ მდებარე ტბა, რომელშიც, ფშაური ანდრეზის თანახმად, იახსარის მიერ დევნილ უკანასკნელ დევს თავი შეუფარებია; იახსარი დევს ტბაში ჩაჰყოლია, განუგმირავს და, რამდენადაც დევის სისხლი წყლის ზედაპირს გაბმია, თავადაც ვეღარ ამოსულა, ვიდრე ღვთიშილის ყმებს ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი (იხ.) არ დაუკლავთ და მისი სისხლი ტბისთვის უსხურებიათ. გადმოცემის თანახმად,ექვს-შვიდ წელიწადში ერტხელ შუაფხოს ხატის იახსარის თავ-მორიგენი ხევსურეთში მოსახლე იახსარის ყმებს შემოუთვლიდნენ: "შუაფხოს ხატ იწევსავ, წამასავ ნამდვილ აუცილებლადავ,. ჩვენ ლუდს გვინდოდ მახარშვა... ამაღლებაში დაგვიბარებდეს, მაში მაგვიხვიდითავ" იახსარის ხევისბერი ხატით პროცესიას გაუძღვებოდა და ხევსურეთისაკენ გასწევდა. ხევსურეთის სოფლებში (ღულში,ქმოსტში, ღელისვაკეში), სადაც კი იახსარის ნიშნები იყო, თოფ-იარაღიანი ახალგაზრდები ხვდებოდნენ და თან მისდევდნენ. ტბასთან ხევისბერი ქადაგობით ტბაში ჩასავარდნად გაიწევდა ისე ძლიერად, რომ შვიდი-რვა კაცი ძლივს ამაგრებდა; დანარჩენები ტბას თოფებს დაუშენდნენ; შემდეგ საკლავს დაკლავდნენ და წამოვიდოდნენ იმ გზით,რომელიც დევებთან ბრძოლის დროს იახსარს გაუვლია.
ლიტ.: თ. ოჩიაური, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, თბ., 1954, გვ.115; თ.ოჩიაური. მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. თბ.,1967, გვ.46-47.