აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
აბა აბგ აბდ აბე აბზ აბი აბრ აბუ აბჯ

აბჯარი

სამხედრო საჭურველი, რომელიც მეომარსა და მის ცხენს მტრის მჭრელი და სძგერებელი იარაღისაგან იცავდა. უძველესი დროიდან გავრცელებული იყო ხისა და ტყავის აბჯარი. ლითონის აბჯარი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა. აბჯარი შედგებოდა ჩაფხუტის, ჯაჭვ-კურტაკისა და ლითონის ან ლითონგადაკრული ტყავის სარტყლისაგან. მკლავებზე (მაჯიდან იდაყვამდე) მეომრები 25-30 ცალ ბრინჯაოს რგოლს იცვამდნენ. ფეხების დასაცავად წვივებზე ქეჩას იკრავდნენ, შემდგომში კი ლითონის მთლიან ფირფიტებს ხმარობდნენ. ძველ საბერძნეთში მსუბუქად შეიარაღებულ ქვეითს სელის ქსოვილის რამდენიმე ფენისაგან შეკერილი ქურქი ეცვა. თავზე მსუბუქი ჩაფხუტი ეფარა და ხელთ მცირე ფარი ეპყრა. მძიმედ შეიარაღებული ქვეითის (ჰოპლიტის) აბჯარი შედგებოდა სპილენძის ან რკინის მუზარადის, ჯავშნის, ოვალური ფარისა და საჩერნისაგან (საწვივე). ლითონის სარტყელზე დამაგრებული იყო ლითონგადაკრული ბრტყელი თასმები, რომლებიც კაბასავით ეშვებოდა და მეომარს წელსქვემოთ იცავდა. ასეთი ბრტყელი ჩაფხუტი ჰქონდათ რომაელებსაც, გულმკერდს კი ზედ დამაგრებული ლითონის დაფით იცავდნენ. აბჯრად ხმარობდნენ აგრეთვე ტყავის ტანსაცმელს, რომელზეც ლითონის ფირფიტები ან რგოლები იყო დაკერებული. ამგვარი აბჯრისაგან გაჩნდა შემდგომში თორი. აბჯრის ხმარება რომაელებისაგან გალებმაც ისწავლეს.ძველმა გერმანულმა ტომებმა ლითონის აბჯარი მე-7-ე სს-ში შემოოიღეს. მე-11-ე ს-ის ევროპაში გავრცელებული იყო ფოლადის ფირფიტებისაგან შეკრული მთლიანი აბჯარი, ხოლო ჯაჭვის აბჯარი - ფოლადის რგოლებით მჭიდროდ ასხმული ბადის შარვალი და პერანგი - ჯვაროსნებმა შემოიტანეს აღმოსავლეთიდან (ჯაჭვის აბჯრის ხმარება ჯერ კიდევ ძველმა ასურელებმა იცოდნენ). ამ აბჯრის მუზარადსაც ფოლადის ბადე ჰქონდა, ბადე მხრებს სწვდებოდა და კეფასა და სახეს იცავდა.შემდგომში ჯაჭვის პერანგზე (მხრებზე, კისრის არეში და სხვ.) ლითონის ფირფიტებსაც ამაგრებდნენ. XV ს-ის მხედარს ეცვა ჯავშანი, საწვივე, საბარკული და ლითონის ფეხსაცმელი, ხელებზე - ჯაჭვგადაკრული ხელთათმანი. ცხენსაც ჯავშანი იცავდა. შუბლს ლითონის საშუბლე უფარავდა და მკერდზე ფარი ჰქონდა ამოკრული. აბჯარი მეომარს თითქმის ყოველგვარი ცივი იარაღისაგან იცავდა. საასპარეზო და საზეიმო აბჯარი ოქრო-ვერცხლითა და პატიოსანი თვლებით იყო მორთული. მძიმედ შეიარაღებული აბჯროსანი რაინდი ძლიერი ძალა იყო და ხშირად ბრძოლის ბედს წყვეტდა. ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფასთან ერთად აბჯარმა დაკარგა მნიშვნელობა. საქართველოში აბჯარს უძველესი დროიდან ხმარობდნენ. თრიალეთში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს ბრინჯაოს მუზარადისა და ფარაგის ნაშთები, ლილოსა და კაჭრეთში - ბრინჯაოს მრგვალი ფარები, სამთავროში - ბრინჯაოს სარტყლები. ვანში აღმოჩენილი ანტიკური ხანის სამარხში დაკრძალულ მეომარს ბრინჯაოს საბრკული და საწვივე ეცვა. ჰეროდოტეს ცნობით (ძვ. წ.V ს ),მოსინიკებს ტყავის მუზარადი ეხურათ და ქსოვილის კვართი (პერანგი) ემოსათ. მოსხებს დაწნული, ხარისტყავგადაკრული, ფათალოს ფურცლისსებრი ფარები ჰქონდათ, სხეულს კი სელის კვართით იცავდნენ. ხალიბებსაც სელის კვართი ეცვათ. თავსარქმელად ხესაც იყენებდნენ. ხის მუზარადი ეხურათ მოსინიკებს, ტიბარენებს, კოლხებს.ბერძნული მითის მიხედვით, კოლხეთის მეფე აიეტს ღვთაება არესისაგან ნაბოძები ჰქონია ოთხჯიღიანი ოქროს მუზარადი. საქართველოში ნადავლ საჭურველს, მათ შორის მუზარადებს, სალოცავებს სწირავდნენ, მაგ., ქუცანა ამირეჯიბს ჯალალედინის მუზარადი მრავალძალის ეკლესიისათვის შეუწირავს. ქართველ მეომრებს თავსარქმელად მუზარადი, ჩაფხუტი და ჩაჩქანი ჰქონდათ. ძლიერი დარტყმის შესასუსტებლად ჩაჩქანქვეშ თუშურ ქუდს იხურავდნენ, მუზარადის ქვეშ -სვანურს. ტერმინი "აბჯარი" შუა საუკუნეების დამდეგიდან საერთოდ საჭურველს აღნიშნავდა, შუა საუკუნეების მიწურულში აბჯრის შინაარსი "იარაღმა" შეცვალა და აბჯარში მხოლოდ თავდასაცავი საჭურველი იგულისხმებოდა. აბჯარი საქართველოში, სადაც მას უკანასკნელ დრომდე ხმარობდნენ,ფართო გაგებით თავდასაცავი და შესატევი საჭურვლის ერთ "ტანს" (ერთ კომპლექტს) აღნიშნავდა. მასში შედიოდა მუზარადი ან ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი ან ჯავშანი, სამკლავეები, ფარი, ხმალი, დაშნა, ურსა (დანა), საჩერნე, საბარკული, საცერული. შემდეგ -თოფი, დამბაჩა, მასრები და საპირწამლეც. აბჯრიდანაა ნაწარმოები სიტყვები : აბჯრისმტვირთველი,მეაბჯრეთუხუცესი, მეაბჯრე.

ლიტ.:კ. ჩოლოყაშვილი, დასურატებული ლექსიკონი, თბ.,2008;ქართული მატერიალურიკულტურის ეტნოგრაფიული ლექსიკონი. თბ.,2011.

წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.აბჯარ
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9