ადამიანი დემონი, კუდიანი ადამიანი (კაციც და ქალიც), მაქცია, თანამოძმეთათვის ზიანის მიმყენებელი,რომელიც წყენას არავისაგან შეირჩენს, ხან ბუდ, ხანაც მგლად გარდასახული თავის მსხვერპლს აცხრება და თუ ვინმე არ მიეშველა,თოფი არ ესროლა, კაცს კლავს.კუდიანები აკაზმაზე გადამჯდარნი მიფრინავენ ხიბალ-კუდიანთა თავშეყრის ადგილისაკენ, ებმებიან მათთან "ერულაში" და ავსულთა მეთაურის დავალებით,ადამიანებისათვის ზიანის მისაყენებლად მიეშურებიან:აცლიან მათ ღვიძლს და ჭამენ.თუშების რწმენით,ბავშვს დაბადებიდანვე დაჰყვებოდა კუდიანობის გარეგნული ნიშნები:კუდუსუნთან კუდისებრი წაგრძელება, კუდუსუნთან პატარა ჩაღმავება ან მის თავზე დახვეული ბეწვები; თუ ამ ნიშნებს პირველი დედა შეამჩნევდა და გაამჟღავნებდა, იგი ვნების უნარს კარგავდა და საშიში აღარ იქნებოდა. თავად კუდიანი კაცი კუდიანობას არ ამჟღავნებდა, მაგრამ თუ იძულებული გახდებოდა და აღიარებდა,მავნებლურ თვისებებს კარგავდა და იწყებდა წარსულის თავგადასავლების დაუფარავად მოყოლას.
ლიტ.:გ. ცოცანიძე, გიორგობიდან გიორგობამდე. თბ.,1987, გვ.74-75;ე. თათარაიძე. დემონოლოგიური თქმულებები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.თბ.,1998, გვ.84,100; ნ.აზიკური. მასალები თუშური დემონოლოგიიდან, ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი. 2016, გვ.180-181.