თოფის დამარხვის წესი, გავრცელებული ქართველ მონადირეებში; სრულდებოდა მონადირის მიერ მთელი მისი სამონადირეო პრაქტიკის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის (ზოგან ასი, ზოგან ათასი) ნადირის დახოცვის შემდეგ. ამ წესის დარღვევა, ხალხური რწმენით, ნადირთპატრონის რისხვას იწვევდა და მონადირე სასტიკად ისჯებოდა (სიკვდილითაც კი). აზარს, უპირატესად, შეადგენდა წმინდა, ჩლიქიანი ნადირი.კურდღელი, მელა, მგელი და დათვი აზარში არ ითვლებოდა. რამდენ აზარსაც აათავებდა მონადირე, თოფი იმდენჯერ უნდა დაემარხა (ხშირად სამი დღით, საქართველოს ზოგიერთ კუთხეში აზარის ამთავებელი მონადირე ნადირობას საბოლოოდ აღიკვეთავდა.
ლიტ.:ვაჟა-ფშაველა. აფხუშობა\\ "ივერია".1886,141;ა. რობაქიძე. კოლექტიური ნადირობის გადმონაშთები რაჭაში\\შრომის ორგანიზაციის ფორმები ძველი საქართველოს სახალხო მეურნეობაში.თბ.,1941, გვ.173-174;შ. ძიზიგური. ქართული დიალექტების ქრესტომატია ლექსიკონითურთ. თბ.,1956;ე. ვირსალაძე. ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება. მთიულეთ-გუდამაყარი. თბ.,1958; ო. ქაჯაია. მასალები მოხეური კილოს ლექსიკონისათვის\\ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები. 1967; პ.ხუბუტია. თუშური კილო. 1969.