კა კე კი კლ კო კუ
კლა

კლასიციზმი

ლათ. klassicus სანიმუშო
მხატვრული მიმდინარეობა XVII-XIX სს. ევროპულ ხელოვნებაში. კლასიციზმის წარმომადგენლები საუკუნეების სიღრმეში ეძიებდნენ მისაბაძ საგმირო მაგალითებს. მათ იტაცებდათ ანტიკური სამყაროს სიდიადე და მშვენიერება, რადგანაც მიაჩნდათ, რომ, თუნდაც, რომის რესპუბლიკის გმირები მაღალი მოქალაქეობრივი მოვალეობისადმი ერთგულების უბადლო გამომხატველები იყვნენ.

ფერწერაში კლასიციზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ჟაკ ლუი დავიდი. საყოველთაოდაა ცნობილი მისი „ჰორაციუსების ფიცი“, „მარატის სიკვდილი“. დავიდის თანამედროვე იყო ესპანელი მხატვარი-გრაფიკოსი გოია, რომლის მრავალ ნამუშევარში გამოვლინდა ახალი გამომსახველობითი ხერხების ძიება (მაგ., „ფრანგების მიერ ესპანელ მეამბოხეთა დახვრეტა“, „ომის უბედურებანი“ და სხვ.).


ჟან ლუი. მარატის სიკვდილი

კლასიციზმის ქანდაკების საუკეთესო ნიმუშები შექმნეს ჰუდონმა, ფალკონემ. არქიტექტურის საყოველთაოდ აღიარებული შედევრია საფრანგეთის მეფეთა რეზიდენციის ანსამბლი (სასახლე, პარკი).

მუსიკაში კლასიციზმის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო გლიუკი. კლასიციზმის მხატვრულ იდეალებს იზიარებდნენ ვენის კლასიკოსებიც. ლიტერატურაში კლასიციზმის წარმომადგენელთათვის ნიმუშად იქცა არისტოტელესა და ჰომეროსის ნაწარმოებები. ლიტერატურული ჟანრები დაიყო მაღალ (ტრაგედია, ეპოპეა, ოდა) და დაბალ (კომედია, სატირა, იგავი) ჟანრებად. ძირითადი ჟანრი კი იყო ტრაგედია, რომელშიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაცული ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობა. მოქმედება პიესაში ხდებოდა ერთ ადგილას, 24 საათის განმავლობაში, რამაც ნაწარმოებებს მიანიჭა ლაკონიურობა და სიმწყობრე. კლასიციზმის ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენლები იყვნენ: პიერ კორნელი, ჟან ბატისტ მოლიერი, ჟან ლაფონტენი; თეორეტიკოსი კი - ნიკოლა ბუალო, რომელმაც ჩამოაყალიბა ამ მიმდინარეობის ძირითადი წესები.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9