ბა ბე ბლ ბო ბუ
ბუტ

ბუტაფორია

თეატ.
ყალბი, არანამდვილი საგნები - ავეჯი, ჭურჭელი, ტანსაცმლის დეტალები და ა.შ., რომლებიც თეატრალურ სპექტაკლში ნამდვილი საგნების ნაცვლად გამოიყენება. ბუტაფორია სცენაზე ძველი დროიდან გამოიყენება. ბუტაფორიულ საგნებს ხმარობდნენ შუა საუკუნეების მისტერიის წარმოდგენებში, აღორძინების ხანის იტალიურ თეატრ „კომედია დელ არტეში“ (XVI ს.), კომიკური ოპერის (XVII-XVIII სს.) სპექტაკლებში.

კლასიციზმის თეატრმა, რომელიც ემყარებოდა მსახიობის დეკლამაციას, თითქმის მთლიანად გააძევა სცენიდან ბუტაფორია. მხოლოდ XIX ს-ში მოხდა ბუტაფორიის კვლავდამკვიდრება სცენაზე.

თანამედროვე სცენაზე ბუტაფორიულ საგნებსა და ნივთებთან ერთად გამოიყენება ნამდვილიც, რომელთაც რეკვიზიტს (სურათი, საათი, ლარნაკი, წიგნები და ა.შ.) მიაკუთვნებენ. რეკვიზიტში, ბუტაფორიისაგან განსხვავებით, ყოველთვის ნამდვილი საგნებია, რეკვიზიტორები კი, როგორც წესი, არ ამზადებენ რეკვიზიტს, არამედ ინახავენ მას, იცავენ, ათავსებენ სცენაზე სათანადო ადგილას, აწვდიან მსახიობებს სპექტაკლის დაწყების წინ.

სცენა ბავშვთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლიდან „წითელქუდა“

წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9