| | |
ლეონარდო და ვინჩი. მონა ლიზა (ჯოკონდა)
რაფაელი სანტი (1483-1520 წწ.) მთელი თავისი შემოქმედებით ამკვიდრებდა სულიერად და ფიზიკურად მშვენიერი, ამასთან, ჭკვიანი და გონიერი ადამიანის იდეალს („სიქსტეს მადონა“, ავტოპორტრეტი, პაპ იულიუს II პორტრეტი რომში, ვატიკანის სასახლის დარბაზების მოხატულობები და სხვ.). იგი შესანიშნავი არქიტექტორიც იყო, ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი ეკლესიის - წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობას.
რაფაელ სანტი. სიქსტეს მადონა
მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564 წწ.) „დავითის“ ბრინჯაოში ჩამოსხმული ასლი, აღმართული ფლორენციაში, მიქელანჯელოს მოედანზე, სიქსტეს კაპელის ჭერის მოხატულობა, მედიჩების აკლდამის სკულპტურები და, საერთოდ, მთლიანად მისი შემოქმედება - კაცობრიობის კუთვნილი საგანძურია.
დიდია XV-XVI სს-ის ვენეციელ მხატვართა წვლილი ახალი ხელოვნების განვითარებაში (ჯორჯონე, ტიციანი, ვერონეზე, ტინტორეტო).
იტალიურმა აღორძინებამ უდიდესი გავლენა იქონია ნიდერლანდების (იან ვან ეიკი, ჰუგო ვან დერ გუსი, ბოსხი და სხვ.), გერმანიის (ალბერტ დიურერი, ლუკას კრანახი უფროსი და სხვ.), აგრეთვე ინგლისის, ესპანეთის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ხელოვნებაზე.
მიქელანჯელო ბუონაროტი. პიეტა
აღორძინების თეატრის საწყისები უკავშირდება ხალხურ ხელოვნებასა და ჰუმანიზმის ფილოსოფიას. ხალხურ გართობა-თამაშობათაგან იშვა აღორძინების ხანის იტალიური თეატრი - კომედია დელ არტე (ანუ პროფესიული კომედია), რომლის სპექტაკლებშიც ჩამოყალიბდა თეატრალური ხელოვნების მნიშვნელოვანი კანონები. დადგინდა, რომ სასცენო ხელოვნების უმთავრესი თავისებურება ცხოველმყოფელი მოქმედებაა, წუთით რომ არ წყდება, ხოლო თეატრალური შემოქმედება - კოლექტიური და იქმნება მთელი ანსამბლის შრომის შედეგად. კომედია დელ არტემ სახელი გაითქვა მთელს ევროპაში მსახიობთა დაუცხრომელი შემოქმედებითი აქტივობითა და იმპროვიზაციის უნარით.
და მაინც, დრამატული პოეზიის მწვერვალთა დალაშქვრა წილად ხვდათ არა იტალიელებს, არამედ ესპანელებს. ესპანურ თეატრში წარმოდგენა იწყებოდა სიმღერით (გიტარის თანხლებით), რასაც პროლოგი მოჰყვებოდა, შემდეგ თამაშდებოდა კომედია, ანტრაქტებში წარმოადგენდნენ ინტერმედიებს, საცეკვაო ნომრებს, დამთავრებისას სრულდებოდა ერთობლივი ცეკვა ნიღბებით. „ოქროს ხანის“ ესპანური თეატრის წინამძღვარი ლოპე დე ვეგა კარპიო გახლდათ (1562-1635 წწ.), რომლის ერთ-ერთი პიესა „ცხვრის წყარო“ ქართული თეატრის სცენაზეც იქნა ხორცშესხმული (კ. მარჯანიშვილის დადგმა).
ინგლისური აღორძინებისდროინდელი თეატრის აღმავლობა უილიამ შექსპირის (1564-1616 წწ.) სახელს უკავშირდება. შექსპირისეული დრამატურგიის ბრწყინვალე შედევრები („რომეო და ჯულიეტა“, „ჰამლეტი“, „მეფე ლირი“ და მრავალი სხვა) ამ ჟანრის მწვერვალია.
აღორძინების ხანის ლიტერატურის ძირითადი თემები განისაზღვრა სიყვარულისა და მეგობრობის კულტით, რაც უცვლელია დანტეს, პეტრარკას პოეზიაში, მიწიერი ყოფის ხალისიანი შეგრძნება და ნათელი იუმორი დაედო საფუძვლად ნოველის ჟანრს (ჯოვანი ბოკაჩო), მაგრამ მაღალმა აღორძინებამ წინა პლანზე წამოსწია ტრაგედია და რომანი (უილიამ შექსპირი, მიგელ დე სერვანტესი).
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |