დე დი დო დრ
დრა

დრამა

ბერძნ. drama მოქმედება
ლიტერატურის ერთ-ერთი გვარი (ეპოსსა და ლირიკასთან ერთად), რომლის საფუძველსაც წარმოადგენს მოქმედება. ამ მხრივ დრამა უახლოვდება ეპოსს - ორივე შემთხვევაში ხდება ცხოვრების ობიექტური ასახვა მოვლენების, ქცევების, გმირთა დაპირისპირების, შეჯახების გზით, იმ მოვლენების საშუალებით, რომლებიც შეადგენენ ადამიანის შინაგან სამყაროს, მაგრამ ის, რაზეც ეპოსშია მოთხრობილი, დრამაში მაყურებელს წარმოუდგება ცოცხალი, განვითარებადი გაშლილი მოქმედების სახით. ეპიკურ ნაწარმოებს, რა თქმა უნდა, აქვს უპირატესობა - მას ხომ შეუძლია მოიცვას მოვლენათა ფართო წრე, მაგრამ დრამა აღწევს ესთეტიკურ და ემოციურ ზემოქმედებას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მხატვრული ხერხებით. დრამატურგს სიმძიმის ცენტრი თვითონ მოქმედების პროცესზე გადააქვს, აქცევს რა მაყურებელს (მკითხველს) სცენაზე მომხდარის თანამონაწილედ. ამას კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სპექტაკლში მხატვრული სიტყვის, მუსიკის, პლასტიკის, დეკორაციების, განათებისა და ა.შ. სინთეზი. დრამატურგიაში გამოყოფენ ტრაგედიას, დრამასა და კომედიას. ყველა სპექტაკლში ცხოვრებაა ასახული, სპექტაკლის გმირები ერთმანეთს უპირისპირდებიან, წარმოიქმნება კონფლიქტი. ტრაგედიაში კონფლიქტის შედეგად გმირი იღუპება, ან მძიმე სულიერი განცდების ტყვეობაში ექცევა; დრამაში გმირი ძლევს ამ წინააღმდეგობებს და ხშირად გამარჯვებულიც გამოდის; კომედიაში კი დრამატურგი სიცილით, იუმორით ააშკარავებს, ამხელს და დასცინის კიდეც ადამიანის მავნე ჩვევებს, მის უარყოფით თვისებებს, ამიტომაც კონფლიქტს არა აქვს დაძაბული ხასიათი.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9