თე თო
თოჯ

თოჯინების თეატრი

თოჯინების თეატრი საწყისს შორეული წარსულიდან იღებს, როდესაც ადამიანები აკეთებდნენ ღმერთების, ეშმაკებისა თუ სხვა არსებების გამოსახულებებს, უფრო სწორად, მათთან მიმსგავსებულ თოჯინებს (ძვლის, ქვის, თიხისა თუ ხისაგან), ამოძრავებდნენ, ალაპარაკებდნენ, აცეკვებდნენ, დაატარებდნენ ტახტრევანით, შეთხოვდნენ რაიმე მნიშვნელოვანს. ასეთი სცენები თანდათანობით ემსგავსებოდა თეატრალურ წარმოდგენებს, რომლებიც წარმოსახავდნენ ლეგენდებს ღმერთებზე, დემონებზე, მითიურ გმირებზე... შუა საუკუნეების ევროპის ქვეყნებში თოჯინები მაყურებელს უამბობდნენ სამყაროს შექმნის შესახებ, განასახიერებდნენ ხალხურ ზღაპრებსა თუ სატირულ სცენებს. მოხეტიალე მეთოჯინეები პატარ-პატარა წარმოდგენებს ბაზრობებსა და მოედნებზე მართავდნენ.

თანამედროვე თოჯინების თეატრში იყენებენ სამი სხვადასხვა სისტემის თოჯინას: 1) ძაფებიანი თოჯინები - მათ ამოძრავებენ ორი ან სამი ძაფებშებმული ჯვარედინი ჯოხისაგან შედგენილი მოწყობილობით, რომელსაც „ვაგუს“ უწოდებენ. ასეთი სახის თოჯინებს ხშირად მარიონეტებს უწოდებენ, თუმცა ბევრ ქვეყანაში ასევე უწოდებენ საერთოდ ყველა თეატრალურ თოჯინას; 2) ხელთათმანებივით ხელზე ჩამოსაცმელი თოჯინები; 3) ჯოხებიანი თოჯინები. მათ ამოძრავებენ თოჯინაში გაყრილი ცენტრალური, აგრეთვე დამხმარე წვრილი ჯოხების მეშვეობით.

ძაფებიან და თითებიან თოჯინებს დიდი ხნის ისტორია აქვთ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ჯოხიანი თოჯინები კი XX ს-ის დამდეგამდე გვხვდება, ისიც მხოლოდ აღმოსავლეთის ქვეყნებში, უმთავრესად, ჩინეთსა და ინდოეთში იყო გავრცელებული, რაც სავსებით ბუნებრივია, რადგანაც საფუძველი თოჯინების თეატრის ხელოვნებას სწორედ ამ ქვეყნებში ჩაეყარა.

საქართველოში თოჯინების თეატრის ელემენტებს შეიცავდა ქართული წარმართული წეს-სანახაობები. VII ს-ის დასაწყისში იმართებოდა რელიგიური შინაარსის წარმოდგენები, რომლებმაც თანდათანობით საერო ხასიათი შეიძინეს. ყოფით კომედიურ სიუჟეტებში ამხელდნენ სოციალურ უთანასწორობას, უსამართლობას. XIX ს-ის II ნახევარში ცნობილი იყო თოჯინების თეატრი „დედოფლების კარავი“, 1934 წელს კი დაარსდა თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრი.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9