მა მე მი მო მრ მუ მძ მხ
მუზ მულ მუნ მუს

მუნჯი კინო

კინოხელოვნების საწყისი ეტაპი. XIX ს. 90-იან წლებში ინგლისელმა რობერტ პოლმა, გერმანელებმა - ძმებმა სკლადნოვსკებმა, რუსებმა - აკიმოვმა და სამარსკიმ, აგრეთვე სხვა ქვეყნების გამომგონებლებმა მოძრავი ფოტოსურათების სადემონსტრაციო მრავალი აპარატი შექმნეს, თუმცა პირველობა მაინც ფრანგებს - ძმებ ლუმიერებს დარჩათ, რომელთა მიერ შექმნილ აპარატს სინემატოგრაფი უწოდეს. თანდათანობით უმჯობესდებოდა და იხვეწებოდა კამერები. მალე მრავალ ქვეყანაში საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ კინემატოგრაფს, მაგრამ განსაკუთრებული ადგილი მაინც ფრანგულმა კინომ დაისაკუთრა. ჟორჟ მელიესმა (კინემატოგრაფიის მამამთავარმა, რეჟისორმა, მსახიობმა, მხატვარმა-კარიკატურისტმა, გასართობი ატრაქციონების კონსტრუქტორმა) ოთხასზე მეტი ფილმი გადაიღო, რომლებშიც ეკრანზე ხორცი შეასხა იმ დროისათვის ყველაზე თამამ ფანტაზიასაც კი. მსოფლიო კინოხელოვნება აღმავლობის გზას დაადგა, გაფართოვდა თემატიკის, ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით, მაგრამ კვლავ რჩებოდა უხმოდ. კინომცოდნეთა ერთი ნაწილის აზრით, მუნჯ კინოს აქვს თავისი კანონები, თავისი ესთეტიკა, გამომსახველობითი ხერხები, საშუალებები და ის ფაქტი, რომ იგი არ იყო ხმოვანი, მის ღირსებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, რაზეც მეტყველებს მისი საუკეთესო ნიმუშები. მეორენი დღესაც მიიჩნევენ, რომ მუნჯი კინო თავიდანვე ისწრაფვოდა ფერისა და ხმისაკენ, რაზეც მეტყველებს მუნჯი ფილმების დემონსტრირება დეკლამატორის კომენტარებით ან მუსიკალური თანხლებით. ერთი რამ ცხადია, რომ მუნჯი კინოს პერიოდმა მყარი ნიადაგი შექმნა კინოხელოვნების შემდგომი განვითარებისათვის. მუნჯი კინოს ბრწყინვალე წარმომადგენელი იყო გენიალური ჩარლი ჩაპლინი. ფილმებს მისი მონაწილეობით დღესაც დიდი ინტერესით ადევნებს თვალს მაყურებელი.


ჩარლს (ჩარლი) ჩაპლინი
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9