ნა ნე ნო
ნატ ნაღ ნახ

ნახატი

გრაფიკის სახეა და, ამასთან ერთად, სახვითი ხელოვნების ყველა სახის საფუძველი. იგი შეიძლება განირჩეოდეს შესრულების ტექნიკის, დანიშნულების, თემების, ჟანრების მიხედვით.

ნახატი სინამდვილის შეცნობისა და შესწავლის საშუალებაა. ხატვა შეიძლება განხორციელდეს უშუალოდ დაკვირვების საფუძველზე ნატურიდან, მეხსიერებით, წარმოდგენით ან წარმოსახვით. ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები მხატვარმა შეიძლება დააფიქსიროს სწრაფად შესრულებულ მონახაზებში, შედარებით ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ჩანახატებში და, რა თქმა უნდა, საკუთრივ, ნახატებში, რომელიც ხშირ შემთხვევაში სახვითი ხელოვნების დასრულებულ ნიმუშს წარმოადგენს.


ივანე რეპინი. ლევ ტოლსტოი კითხვისას

ნახატი შეიძლება შეადგენდეს ფერწერული ტილოების, ფრესკების, მოზაიკების, ვიტრაჟების შესაქმნელად შესრულებულ მოსამზადებელ ეტაპს. ნახატის შესრულების ტექნიკური ხერხების ყველა სახესხვაობა, რომელთაც ჩვენამდე მოაღწიეს, ძირითადად ჩამოყალიბდა აღორძინების ეპოქაში. უკვე მაშინ ხატავდნენ ნახშირით, ცარცით, პასტელით, გრაფიტით, სანგინით, იტალიური ფანქრით, აგრეთვე თხევადი მასალებით - ტუშით, მრავალფეროვანი მელნით, აკვარელით, თეთრათი, ხატავდნენ ფრინველის ფრთით, ფუნჯით თეთრ თუ ტონირებულ ქაღალდზე. ყოველივე ამან განაპირობა იმ მხატვრული და ტექნიკური ხერხების სიმდიდრე და მრავალფეროვნება, რომელთაც უდიდესი გავლენა მოახდინეს შემდგომი თაობების მხატვართა შემოქმედებაზე.

ნახატის შესანიშნავი ოსტატები იყვნენ ლეონარდო, მიქელანჯელო, ტიციანი, რაფაელი, რემბრანდტი, რუბენსი და მრავალი სხვ.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9