ოდ ოპ ორ
ოპე

ოპერა

ხელოვნების სინთეზური ჟანრი, რომელშიც გაერთიანებულია ვოკალური და საკრავიერი მუსიკა, პოეზია, დრამატული, სახვითი ხელოვნება, ქორეოგრაფია. ოპერას საფუძვლად უდევს ლიტერატურული ტექსტი, რომელსაც ეწოდება ლიბრეტო.

ოპერა წარმოიშვა ფლორენციაში, XVI- XVII სს-ის მიჯნაზე (ი. პერის „ევრიდიკე“). ისტორიული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა საოპერო ხელოვნების ჟანრული მრავალფეროვნება: ისტორიულ-ჰეროიკული, ისტორიულ-რომანტიკული, ეპიკური, ლირიკული, კომიკური და სხვ.

XVII ს-ში, ნეაპოლის საოპერო სკოლაში ჩამოყალიბდა „ოპერა-სერია“ (ა. სკარლატი) - მითოლოგიურ და ისტორიულ სიუჟეტებზე, უპირატესად სოლისტის ვირტუოზული ოსტატობის მაჩვენებელი სოლო ნომრებით, გუნდისა და ქორეოგრაფიის გარეშე. XVIII ს-ში, ასევე იტალიაში, რეალისტური კომედიისა და ხალხური ყოფის ამსახველი სასიმღერო ხელოვნების საფუძველზე ჩამოყალიბდა „ოპერა-ბუფა“ (პერგოლეზი, „მოახლე ქალბატონი“) საყოფაცხოვრებო სიუჟეტებით.

საოპერო მუსიკის შედევრები შექმნეს: ჯოაკინო როსინიმ (1792-1868 წწ.), რომლის „სევილიელ დალაქსაც“ პეტრე ჩაიკოვსკიმ „იტალიური მუსიკის ფასდაუდებელი მარგალიტი“ უწოდა; ჯუზეპე ვერდიმ (1813-1901 წწ.), რომელსაც „იტალიის რევოლუციის მაესტრო“ შეარქვეს. დრამატურგიული მთლიანობა, ენერგიული და სადა მუსიკალური მეტყველება, ხალხურ სიმღერებთან სიახლოვე - ეს თვისებები გამოარჩევს ვერდის საუკეთესო ქმნილებებს, როგორიცაა ოპერები: „რიგოლეტო“, „ტრავიატა“, „აიდა“, „ოტელო“ და სხვ; ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა (1756-1791წწ.) რომლის ოპერებიც („ფიგაროს ქორწინება“, „დონ ჟუანი“, „ჯადოსნური ფლეიტა“ და სხვ.) მწყობრი დრამატურგიით, საოცარი მელოდიურობითა და სახეთა მკაფიო დახასიათებით მსოფლიო საოპერო მუსიკის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს; ჟორჟ ბიზემ (1838-1875წწ.), რომლის „კარმენმა“ მსოფლიო აღიარება პოვა; რიჰარდ ვაგნერმა (1813-1883წწ.), როგორც საოპერო ჟანრის რეფორმატორმა (ტეტრალოგია „ნიბელუნგების ბეჭედი“ და სხვ.); პეტრე ჩაიკოვსკიმ (1840-1893წწ.), რომლის შემოქმედებაც არა მხოლოდ რუსული კულტურის უძვირფასესი განძია - ოპერები „ევგენი ონეგინი“, „პიკის ქალი“, „იოლანტა“ მსოფლიოს უდიდეს საოპერო თეატრთა რეპერტუარს ამშვენებს.


ჯუზეპე ვერდი

ქართული კლასიკური ოპერის ფუძემდებელია ზაქარია ფალიაშვილი. საოპერო ნაწარმოები იყოფა აქტებად (მოქმედებებად), მათ შორის ანტრაქტებია. იწყება საორკესტრო შესავლით - უვერტიურით. საოპერო მუსიკის ძირითადი ფორმებია: ვოკალური ნომრები, სოლო (არია, არიოზო, კავატინა, მონოლოგი და სხვ.), საანსამბლო (დუეტი, ტერცეტი და სხვა), საგუნდო, გაშლილი ვოკალური სცენები (ძირითადად - საფინალო); რეჩიტატივები, ქორეოგრაფიული ნომრები, ვოკალურ-ქორეოგრაფიული სცენები, საორკესტრო ნომრები.


სცენა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სპექტაკლიდან „ტრუბადური“
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9