პა პე პი პლ პო პრ პუ
პაგ პალ პან პარ პას

პაროდია

ლიტერატურულ-მხატვრული იმიტაცია (მიბაძვა) - ცალკეული პიროვნების, ნაწარმოების ავტორის, ჟანრის, სტილისადმი კომიკური მიბაძვა მათი დაცინვის, დამცირების მიზნით. პაროდიის ავტორი ორიგინალის ფორმას ახალი კონტრასტული შინაარსით ავსებს და ამით აღწევს ნაწარმოების პაროდიულობას. პაროდიაში იყენებენ დაცინვის როგორც იუმორისტულ, ისე სატირულ ხერხებს, იუმორისტული პაროდიისათვის ნიშანდობლივია ორიგინალისადმი შედარებით უწყინარი დამოკიდებულება. სატირული პაროდია, პირიქით, ხასიათდება მწვავე სარკაზმით. პაროდიის მამამთავრად ითვლება ძველი ბერძენი პოეტი ჰიპონაქტე ეფესელი (ძვ.წ.VI ს.), რომელიც პაროდიებს წერდა ჰომეროსის ეპოსზე. ჰომეროსის პაროდირებას მიმართავდა აგრეთვე ევრიპიდე, ევრიპიდესა და ესქილესას კი - არისტოფანე, რომელიც პაროდიის დიდოსტატი იყო ანტიკურ ხანაში. შემდგომ საუკუნეებში პაროდია ფართოდ გავრცელდა ევროპაშიც. მას ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებდნენ სხვადასხვა ლიტერატურული სკოლა თუ ცალკეული მწერლები. პაროდიებს წერდნენ უილიამ შექსპირი, დანიელ დეფო, ჯონათან სვიფტი, მიგელ დე სერვანტესი, რომელმაც „დონ კიხოტში“ დასცინა იმ დროს გაბატონებული რაინდული რომანის ჟანრს. ქართულ ლიტერატურაში პაროდიის ნიმუშია აკაკი წერეთლის „დედამ რომ შვილი გაზარდოს“ („პაროდიული გამოყენება ილია ჭავჭავაძის ლექსისა „ქართველი სტუდენტების სიმღერა“). პაროდია თეატრში, ესტრადაზე გულისხმობს მაყურებლის მიერ პაროდიის ობიექტის ამოცნობას. არსებობდა პაროდიის სპეციალური თეატრიც (მაგ., „მრუდე სარკე“). პაროდიის უდიდესი ოსტატები იყვნენ არკადი რაიკინი, სერგეი ობრაზცოვი, თენგიზ ჩანტლაძე და სხვ. შექმნილია პაროდიული ფილმებიც. პაროდიას ახლაც სიამოვნებით წარმოადგენენ ხოლმე სცენაზე, რასაც მუდამ ახლავს აღტაცებული მაყურებლის მოწონება და აპლოდისმენტები
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9