ხელოვნების რომელიმე დარგის ნაწარმოებთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ნაირსახეობა, რომელიც გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილური ნიშნებით, თემატიკით, გამომსახველობითი საშუალებებით და ა. შ. ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოები გარკვეულ ჟანრს მიეკუთვნება თავისი კანონებითა და მოთხოვნებით. ასე, მაგ., ლიტერატურაში, თუ რამდენიმე ფრაზით ჩავწერთ ჩვენს შთაბეჭდილებებს, იგი განსაზღვრულ ჟანრს წარმოადგენს - პროზაულ ფრაგმენტს (პროზაული ფრაგმენტი, როგორც ჟანრი, ფართოდ იყო გავრცელებული გერმანელ რომანტიკოს მწერალთა შორის). და მაინც, ეს როდი ნიშნავს, რომ ხსენებული ფრაგმენტული ჩანაწერი ლიტერატურული ნაწარმოებია. ამ შემთხვევაში იგი სხვა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს - თავისუფალი და სიღრმისეული მსჯელობა უნდა ერწყმოდეს დახვეწილ გამომსახველობით ენას. ანტიკურ ხანაში ლიტერატურულ ჟანრებად თვლიდნენ ეპოსს, ლირიკასა და დრამას. სადღეისოდ, ცნება „ჟანრი“ ხშირად უთანაბრდება „სახეს“. მუსიკალური ჟანრები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, უპირველეს ყოვლისა, ნაწარმოების შესრულების წესით, უძველესია ვოკალური ჟანრები, დაკავშირებული სიტყვებთან, პოეტურ ტექსტთან, ადამიანის ხმასთან (სიმღერა, რომანსი, გუნდი, კანტატა, ორატორია, ოპერა). ვოკალური მუსიკის საფუძველზე წარმოიქმნა საკრავიერი ჟანრები: კამერული (ვარიაცია, სონატა, სიუიტა, პრელუდია, ექსპრომტი, ნოქტიურნი და სხვ.), სიმფონიური (უვერტიურა, სიმფონიური ფანტაზია, სიმფონიური სიუიტა, სიმფონიური პოემა, კონცერტი, სიმფონია). სახვითი ხელოვნების სფეროში ჟანრთაგან უმთავრესია პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი, ისტორიული, ყოფითი, ბატალური, ანიმალისტური და სხვა ჟანრები.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]